Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატთა ასოციაცია ახალ თავმჯდომარეს ირჩევს


"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" საერთო კრება, 13 დეკემბერი, 2025 წელი
"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" საერთო კრება, 13 დეკემბერი, 2025 წელი

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ ახალ თავმჯდომარესა და მმართველი ორგანოების წევრებს ირჩევს.

ასოციაციაში ხმის მიცემის პროცესი 14 დეკემბერს დილის 10 საათზე დაიწყო.

„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად ექვსი კანდიდატი იბრძვის: ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრანი ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი, მანუჩარ ჭუმბურიძე.

ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა, რომელიც ამასთანავე, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ადვოკატია, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, სოციალურ ქსელში დაწერა:

„იმის მიუხედავად, რომ ბოლო კვირის მანძილზე ჩემსა და ჩემს გუნდზე ძალიან მძიმე, პროფესიულად არაეთიკური თავდასხმები მიმდინარეობდა, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ხვალ არჩევნები ჩაივლის დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით.

ვთანხმდებით, რომ ცვლილებები ასოციაციაში აუცილებელი და გარდაუვალია. ცვლილება კი იწყება ახალი გუნდითა და ერთობით, ზუსტად ამ პრინციპის გათვალისწინებით, ხაზგასმით ვამბობ, რომ გამარჯვების შემდეგ, მე არ ვაპირებ მეორე ვადით კენჭისყრას“.

საარჩევნო კომისიის 15 წევრი ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა 13 დეკემბერს, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე აირჩიეს:

„ჩვენი პირველი კოალიციური შეთანხმება შედგა - ხმის დამთვლელი კომისიის 15-ვე წევრი ჩვენი ნომინირებულია და მხარდაჭერილია ხმათა უმრავლესობით“, - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა 13 დეკემბერს.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი, მუხრან ღურწკაია ამბობს:

"ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ხმის დამთვლელი კომისია ყოფილიყო ჩვენი სრულად, თუმცა მარტო ეს არ არის დაზღვევა, რომ რამეს არ შეეცდება ადვოკატთა ასოციაციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი. უბრალოდ, ის არის, რომ დღეს არის აქტივობა, რაც მნიშვნელოვანი და მთავარია და აქტივობა ყველაზე მეტად აშინებს ბატონ ირაკლი ყანდაშვილს და მის გუნდს, იმიტომ, რომ ადვოკატების განწყობა ჩვენთვის ცნობილია. ადვოკატებს უნდათ ცვლილებები და ეს ცვლილებები დღეს არის გარდაუვალი", - განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.

„ადვოკატთა ასოციაციისა“ და "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად მიჩნეული ირაკლი ყანდაშვილის თქმით, „ადვოკატთა ასოციაციის პოლიტიზირებას ვერავინ ეღირსება“.

ის ამბობს, რომ ადვოკატები „სწორ არჩევანს გააკეთებენ“, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში განვითარდეს ადვოკატის პროფესია და თითოეული ადვოკატის უფლებები იყოს უზრუნველყოფილი.

„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანი, რომელიც ამ პოსტს ორი ვადით იკავებდა, აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მაღალი აქტიურობით, დემოკრატიულად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ხაზს უსვამს, რომ ეს არის „პროფესიული არჩევნები და არა პოლიტიკური პროცესი“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ყანდაშვილის მხარდასაჭერად რეგიონებიდან მიკროავტობუსებისთ ჩამოიყვანეს იურისტები.

საარჩევნო პროცესს, რომელიც "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო სივრცეში იმართება, თავმჯდომარეობის კანდიდატების 24 და 11 არასამთავრობო ორგანიზაციის 22 დამკვირვებელი აკვირდება.

როგორც ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, არჩევნები ელექტრონულად, ოპტიკური სკანერების გამოყენებით ტარდება. თავმჯდომარის არჩევნების შედეგები დამატებით ხმის დამთვლელი კომისიის მიერვე კრებაზე საჯაროდ, ხელით გადაითვლება.

ხმის მიცემის პროცესი 19:00 საათზე დამთავრდება. არჩევნების შედეგები 21:00 საათზე გამოცხადდება.

კენჭისყრის შედეგად, ასოციაციის თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება 1 საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელიც ხმების უბრალო უმრავლესობა (50%+1)-ს მიიღებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG