ალიევი არ მონაწილეობს დსთ-ს ლიდერთა არაფორმალურ სამიტში

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არ მონაწილეობს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის(დსთ) წევრი ქვეყნების ლიდერთა არაფორმალურ სამიტში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს, 22 დეკემბერს მასპინძლობს ქალაქ სანქტ-პეტერბურგში.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტომ დღეს გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება, რომ ილჰამ ალიევი არაფორმალურ სამიტს არ ესწრება დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო.

ალიევის ადმინისტრაციის თანახმად, აზერბაიჯანი რეგულარულად მონაწილეობს დსთ-ის ოფიციალურ სამიტებში და მისთვის მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობა.

ასევე ნახეთ ბაქოს ტრიუმფი დუშანბეში: როგორ მოახდევინა ალიევმა ბოდიში პუტინს

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი დსთ-ის ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. მოლდოვა ორგანიზაციიდან გასვლის პროცესშია. ასოცირებული წევრია თურქმენეთი.

არაფორმალური სამიტის მონაწილეებს, ბელარუსის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის პრეზიდენტებს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს 21 დეკემბერს, საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა პეტერბურგის კონსერვატორიაში კონცერტზე უმასპინძლა. მანამდე კონსერვატორიაში გაიმართა „ტოლსტოის სახელობის მშვიდობის პრემიით“ დაჯილდოების ცერემონია. დაჯილდოებულთა შორის არიან ყირგიზეთის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის პრეზიდენტები.

დსთ-ის ლიდერთა არაფორმალური სამიტის წინ, 21 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში გაიმართა ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საბჭოს სხდომა. ამ ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.

ასევე ნახეთ გერმანიამ და სომხეთმა „სტრატეგიული დღის წესრიგის დეკლარაციას“ მოაწერეს ხელი