შაბათს ღამით რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიში მიიტანა - 5 ადამიანი დაშავდა კიევში

მეხანძრე მუშაობს საცხოვრებელი შენობის ტერიტორიაზე, რომელიც დაზიანდა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული იერიშების შედეგად. კიევი, 27 დეკემბერი, 2025 წელი

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, შაბათს ღამით რუსულმა ძალებმა უკრაინის მასშტაბით მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს და სამიზნედ რამდენიმე რეგიონი აირჩიეს, მათ შორის, ჩერნიგოვი, მიკოლაივი, ხარკოვი და ჟიტომირი.

ეს იმ ფონზე, როცა კვირას, 28 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ომის დასრულებაზე მოლაპარაკებისთვის ხვდება.

ასევე ნახეთ ზელენსკი კვირას ფლორიდაში ტრამპს შეხვდება. რუსეთმა ის და მისი მხარდამჭერები ევროკავშირიდან აშშ-ის გეგმის „ჩაშლის“ მცდელობაში დაადანაშაულა

აფეთქებები და ხანძრები რამდენიმე ადგილზე დაფიქსირდა, მათ შორის, დედაქალაქ კიევშიც, სადაც მერმა ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე რამდენიმე აფეთქების შესახებ დაწერა და აღნიშნა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მუშაობდა.

კლიჩკოს ინფორმაციით, კიევში ხუთი ადამიანი დაშავდა და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.

კვამლი ამოდის დამწვარი ავტომობილიდან სარემონტო სახელოსნოს ტერიტორიაზე, რომელიც დაზიანდა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული იერიშების შედეგად, კიევი, უკრაინა, 27 დეკემბერი, 2025 წელი.

კიევის სამხედრო გუბერნატორმა მიკოლა კალაშნიკმაც Telegram-ზე განაცხადა, რომ რეგიონში კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

უკრაინული მედიის ცნობით, გამოყენებულ იარაღს შორის ჰიპერბგერითი „კინჟალის“ რაკეტებიც იყო, ხოლო სამიზნედ, სავარაუდოდ, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იქცა.

უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას 2022 წლის თებერვლიდან ებრძვის.