ტრამპთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ზელენსკიმ კანადისა და ევროპის ლიდერებთან ერთად იმსჯელა პრიორიტეტებზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და კანადის პრემიერმინისტრი მარკ კარნი (ცენტრში) ჰალიფაქსში (კანადა) მიმდინარე შეხვედრისას. 27 დეკემბერი, 2025 წელი.

27 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა. ის შეხვდა კანადის პრემიერმინისტრ მარკ კარნის. მადლობა გადაუხადა მას დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საჰაერო თავდაცვაში დახმარებისთვის.

კანადაში ყოფნისას უკრაინის პრეზიდენტმა კანადის პრემიერმინისტრთან ერთად ონლაინ შეხვედრა გამართა ევროპის ლიდერებთან. ამ დისკუსიაში მონაწილეობდა ლიდერთა ფართო ჯგუფი: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯიორჯია მელონი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი, ნიდერლანდის პრემიერმინისტრი დიქ სხოოფი, ნორვეგიის პრემიერმინისტრი იუნას გარ შტორე, შვედეთის პერმიერმინისტრი ულფ კრისტერსენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონათან პაუელი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაწერა:

“განვიხილეთ დიპლომატიურ გზაზე არსებული პროგრესი. ერთად გავიარეთ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები. უკრაინა აფასებს მთელ ამ მხარდაჭერას. ხვალ, პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, განვაგრძობთ ჩვენს მსჯელობას”.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართება 28 დეკემბერს. ტრამპი ზელენსკის ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში უმასპინძლებს.

კანადაში ყოფნისას უკრაინის პრეზიდენტმა აგრეთვე დაპოსტა:

“ძლიერი პოზიციები საჭიროა ორივეგან - ფრონტსა და დიპლომატიაში, რომ არ მივცეთ პუტინს მანიპულაციისა და ომის სამართლიანად დასრულებისთვის თავის არიდების შესაძლებლობა. მსოფლიოს აქვს საკმარისი ძალა უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად”.

უკრაინის პრეზიდენტი კვლავაც ხაზს უსვამს უკრაინისთვის საკმარისი მხარდაჭერისა და რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლის მნიშვნელობას.

კანადის პრემიერმინისტრმა 27 დეკემბერს უკრაინისთვის ახალი - $2.5 მილიარდიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა. აღნიშნული პაკეტი მოიცავს: დაფინანსებას, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდს მისცემს შესაძლებლობას, ასესხოს უკრაინას დამატებით $8.4 მილიარდი; კანადის წილს უკრაინისთვის ვალის მომსახურების შეჩერების გასახანგრძლივებლად 2025-2026-ში; აგრეთვე მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მომავალი სესხების გარანტიებს.