Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქმის არსი უსაფრთხოების გარანტიებსა და ტერიტორიულ საკითხებშია" - ნატოელი დიპლომატი 20-პუნქტიან გეგმაზე


მაშველები მუშაობენ საჰაერო დარტყმის ადგილას ზაპოროჟიეში. 2025 წლის 24 დეკემბერი. "ფრანს პრესის" და უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახურის ფოტო
მაშველები მუშაობენ საჰაერო დარტყმის ადგილას ზაპოროჟიეში. 2025 წლის 24 დეკემბერი. "ფრანს პრესის" და უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახურის ფოტო

"ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ გეგმაზე თანხმობა დაადასტუროს უკრაინამ. როგორც ადრე ითქვა, ევროპელები უკრაინის გარეშე მხარს არ დაუჭერენ შეთანხმებას..."

უთხრა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას (რთე/რთ) ნატოელმა დიპლომატმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 20-პუნქტიანი გეგმის შინაარსის გასაჯაროებაზე გამოხმაურების თხოვნის პასუხად. გეგმის შეფასებისას მან ხაზი გაუსვა, რომ "საქმის არსი უსაფრთხოების გარანტიებსა და ტერიტორიულ საკითხებშია. დანარჩენი აქედან გამომდინარე გადაწყდება“.

პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გასაჯაროებულ გეგმაში არ ყოფილა შესაძლო სამშვიდობო მისიის საკითხი, თუმცა რთე/რთ შეეცადა დაეზუსტებინა - განიხილება თუ არა ასეთის შექმნის გეგმა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებამ რთე/რთ-ს ევროპელი ლიდერების 15 დეკემბრის ერთობლივ განცხადებაზე მიუთითა. აღნიშნულ დოკუმენტში, რომელიც ბერლინის მოლაპარაკებებს მოჰყვა, გერმანიის, ფინეთის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდის სამეფოს, ნორვეგიის, პოლონეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს ლიდერები, აგრეთვე ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები ადასტურებენ, რომ:

„საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით. ტერიტორიის საკითხზე გადაწყვეტილებები უკრაინის ხალხმა უნდა მიიღოს მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების გარანტიები რეალურად ამოქმედდება. შეთანხმდნენ, რომ ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა საჭიროა მოლაპარაკებების ფინალურ ეტაპზე. ხაზი გაუსვეს, რომ მხარს უჭერენ პრეზიდენტ ზელენსკის, საჭიროების შემთხვევაში, დაეკითხოს თავის ხალხს“.

„მსურველთა კოალიციის“ ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმული იყო აგრეთვე ის, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა, დაიცვას ევროატლანტიკური ერთობა და ნატოს მიერ ძლიერი შემაკავებლის როლი. ლიდერები აგრეთვე აცხადებდნენ, რომ „უკრაინა და მისი ხალხი იმსახურებს კეთილდღეობას, დამოუკიდებელ და სუვერენულ მომავალს, რუსეთისგან შემდგომი აგრესიის შიშის გარეშე“.

დასახელებული ქვეყნების ლიდერები გამოთქვამდნენ მზადყოფნას უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მისი შეიარაღებული ძალების მშენებლობაში დახმარების გაწევას, რომ „მას შესწევდეს კონფლიქტის შეკავებისა და უკრაინის ტერიტორიის დაცვის უნარი“. 15 დეკემბრის დოკუმენტში აგრეთვე ნათქვამი იყო, რომ „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში და აშშ-ის მხარდაჭერით, მოსურნე ქვეყნების მიერ გაღებული წვლილითა და ევროპის თაოსნობით შექმნილი „უკრაინის მრავალეროვნული ძალა“ დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ცისა და საზღვაო სივრცის, „უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედების ჩათვლით“ და რომ „აშშ-ის თაოსნობითა და საერთაშორისო მონაწილეობით მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისა და ვერიფიკაციის მექანიზმი უზრუნველყოფს ნებისმიერ სამომავლო თავდასხმაზე წინასწარ გაფრთხილებას და უპასუხებს კონფლიქტის თავიდან აცილების მექანიზმით, დეესკალაციის ქმედებებით, რომელიც ყველა მხარის საკეთილდღეოდ განხორციელდება“.

23 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს გაანდო იმ 20-პუნქტიანი დოკუმენტის შინაარსი, რომელზეც აშშ-ის შუამავლობითა და ევროპელი პარტნიორების ჩართულობით მოლაპარაკებები გრძელდება.

შეუთანხმებელ საკითხთა შორისაა უკრაინის აღმოსავლეთში ტერიტორიის კონტროლი და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბედი.

უკრაინის პრეზიდენტის მიერ გასაჯაროებული გეგმის ძირითადი პუნქტების თანახმად: კიდევ ერთხელ დადასტურებულია უკრაინის სუვერენიტეტი; უკრაინის არმიის რიცხოვნობა მშვიდობიან პერიოდში იქნება 800 ათასი; აშშ, ნატო და ევროკავშირი უკრაინას მისცემენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის (კოლექტიური თავდაცვა) მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს; რუსეთმა საკანონმდებლო დონეზე უნდა გაამყაროს უკრაინაზე თავდაუსხმელობის პოლიტიკა; უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება კონკრეტულად განსაზღვრულ დროს; უკრაინა დარჩება არაბირთვულ სახელმწიფოდ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG