ზელენსკიმ აშშ-ს სთხოვა უკრაინის უსაფრთხოების 30-50-წლიანი გარანტიები

აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ფლორიდაში 28 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატებისგან სჭირდება უსაფრთხოების გაცილებით ხანგრძლივი გარანტიები, ვიდრე ამას ითვალისწინებს სამშვიდობო გეგმის პროექტი.

უკრაინულენოვანი გამოცემები, მათ შორის „ევროპეისკა პრავდა“ და „რბკ უკრაინა“ 29 დეკემბერს წერენ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ფლორიდაში 28 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ უპასუხა მედიის შეკითხვებს.

ზელენსკის ინფორმაციით, ტრამპთან მოლაპარაკებისას დამტკიცდა, რომ უკრაინას შეერთებული შტატებისგან ექნება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები და არსებულ დოკუმენტებში საუბარია 15 წელზე, ამ ვადის გაგრძელების შესაძლებლობით.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას დასვა საკითხი, რომ ომი თითქმის 15 წელია გრძელდება(ჯერ კიდევ დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან), ამიტომ ძალიან სურთ გარანტიები ხანგრძლივი იყოს:

„მე მას ვუთხარი, რომ ძალიან გვსურს განხილული იყოს 30-40-50-წლიანი (გარანტიების) შესაძლებლობა. და მაშინ ეს იქნება პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა მითხრა, რომ იფიქრებს“.

ასევე ნახეთ ფლორიდაში დასრულდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ფლორიდაში 28 დეკემბერს გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს, რომ საგრძნობ პროგრესს და დიდ წინსვლას მიაღწიეს და სამშვიდობო გეგმა 90%-ით შეთანხმებულია.

შეუთანხმებელ საკითხებს შორისაა ყველაზე რთული და საკვანძო საკითხი - დონბასის მომავალი. რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ დონბასზე უარი თქვას. უკრაინა ამას არ აპირებს. აშშ-ის კომპრომისული წინადადებაა დონბასში „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნა.

29 დეკემბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჟურანალისტებს განუცხადა, რომ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებში ჯერჯერობით შეუთანხმებელია ტერიტორიების და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირების საკითხები. ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ გეგმა მხარდაჭერილი უნდა იყოს უკრაინელი ხალხის მიერ და მის ნებას უნდა გამოხატავდეს, ამისთვის კი ძლიერი საშუალება რეფერენდუმია. მის ჩატარებას ცეცხლის შეწყვეტა სჭირდება, რაზეც რუსეთი ჯერჯერობით უარს ამბობს.

დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფლორიდაში მოლაპარაკების შემდეგ ვიდეოკონფერენცია გამართეს ევროპელ ლიდერებთან. ამ საუბრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ წინ მიიწევენ უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების გარანტიების, რომლებსაც ცენტრალური ადგილი ექნებათ სამართლიანი და მყარი მშვიდობის მშენებლობაში.

მაკრონის ინფორმაციით, იანვრის დასაწყისში პარიზში შეიკრიბება „მსურველთა კოალიცია“, რათა საბოლოოდ განსაზღვრონ კოალიციის თითოეული წევრი ქვეყნის წვლილი.

ასევე ნახეთ ევროპელი ლიდერები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობას პარიზში გააგრძელებენ

აშშ-ში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, 24 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ ილაპარაკა ომის დასრულების 20-პუნქტიანი ამერიკული გეგმის პროექტზე.

ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, აშშ, ნატო და ევროკავშირი უკრაინას მისცემენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის (კოლექტიური თავდაცვა) მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს.

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობს ევროპული ქვეყნების „მსურველთა კოალიცია“, სადაც წამყვან როლს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ასრულებენ. მათ შორის განიხილება უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული კონტინგენტის განთავსების შესაძლებლობა. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს მისთვის მიუღებელია.