დასავლეთში ვერ ხედავენ იმის მტკიცებულებას, რომ უკრაინამ პუტინის რეზიდენციას შეუტია

ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სიტყვით გამოდის სადისკუსიო კლუბ „ვალდაის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. სოჭი, 2025 წლის 2 ოქტომბერი

აშშ-სა და ევროპაში სკეპტიკურად არიან განწყობილი რუსეთის განცხადებისადმი, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ნოვგოროდის ოლქში პრეზიდენტ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა სცადეს. რუსეთის განცხადებას ტყუილს უწოდებს უკრაინა.

„გაურკვეველია, ეს მართლად მოხდა თუ არა“, - განუცხადა 30 დეკემბერს ტელეარხ Fox Business-ს აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში მეთიუ უიტაკერმა. მისი თქმით, ვაშინგტონი აშშ-ისა და მოკავშირე ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციას ელოდება.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ვერ ხედავენ დამაჯერებელ მტკიცებულებებს, რომ უკრაინამ იერიში მიიტანა რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე. ამის შესახებ ელისეს სასახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს რამდენიმე ფრანგული მედიასაშუალება.

წყაროს თანახმად, რეალური და დოკუმენტურად დადასტურებული უკრაინაზე რუსეთის შეტევები და სამოქალაქო მოსახლეობაში გამოწვეული მსხვერპლია.

ასევე ნახეთ კრემლი არ ამბობს, უკრაინის შესახებ რომელ პოზიციას გაამკაცრებს პუტინის რეზიდენციაზე „შეტევის“ შემდეგ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 29 დეკემბერს განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 91-ვე დრონი, რომლებითაც უკრაინის ძალებმა სცადეს ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმა. ლავროვის თანახმად, ინფორმაცია დაშავებულების და ზარალის შესახებ არ მიუღიათ. რუსეთის ამ ოლქში პუტინის რეზიდენცია ქალაქ ვალდაიდან ოც კილომეტრში მდებარეობს.

კრემლის ინფორმაციით, 29 დეკემბერს სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს უთხრა, რომ „კიევის რეჟიმმა“ დრონების „მასშტაბური გამოყენებით ტერორისტულ შეტევას მიმართა“ პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციაზე ნოვგოროდის ოლქში და ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობის მისაღწევად ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდროდ მუშაობას გააგრძელებენ, მაგრამ „გადახედილი იქნება რუსეთის პოზიციები ადრე მიღწეულ მთელ რიგ შეთანხმებებზე".

ასევე ნახეთ ტრამპის თქმით, თუ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით იერიში იგეგმებოდა, "ეს ცუდია"

რუსეთის განცხადებებს პუტინის რეზიდენციაზე უკრაინული დრონებით „შეტევის" შესახებ „მორიგი ტყუილი" უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი და დონალდ ტრამპის წარმატებული შეხვედრა, რომელიც 28 დეკემბერს ფლორიდაში გაიმართა, რუსეთს არ მოეწონა და ახლა საბაბს ეძებს, რათა კიევში დაარტყას სახელმწიფო დაწესებულებებს.

ასევე ნახეთ ზელენსკი: მზად ვარ პუტინთან ნებისმიერ ფორმატში შეხვედრისთვის

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ISW-ს თანახმად, არ არსებობს ნოვგოროდის ოლქში პუტინის რეზიდენციაზე დრონებით შეტევის არანაირი მტკიცებულება. რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმები, როგორც წესი, კვალს ტოვებენ და მისი აღმოჩენა საჯარო წყაროებითაცაა შესაძლებელი. მათ შორისაა კონკრეტულ ადგილებში გადაღებული ვიდეოები, რომლებზეც ასახულია აფეთქებები და ხანძრები, მათ შესახებ ადგილობრივი სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობები, ხელისუფლების განცხადებები და ა.შ. 29 დეკემბერს ნოვგოროდის ოლქის შემთხვევაში მსგავსი მტკიცებულებები არ ყოფილა.

გამოცემა „სოტას” ინფორმაციით, ვალდაის მცხოვრებთ ღამით არ გაუგიათ საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედებისთვის დამახასიათებელი ხმა, რომელიც შეტევის მოგერიების შემთხვევაში აუცილებლად იქნებოდა. როგორც გამოცემა წერს, ვალდაის რაიონამდე მისაღწევად უკრაინულ დრონებს უნდა გადაელახათ რუსეთის საჰაერო სივრცის კარგად დაცული ნაწილი და სტრატეგიული სარაკეტო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მრავალი ობიექტი, ამიტომ თუ უკრაინამ პუტინის რეზიდენციაზე შეტევა მოახერხა, ეს ან სასწაული, ან რუსი სამხედროების გულგრილობის შედეგია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 29 დეკემბერს დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ნოვგოროდის ოლქში 18 უკრაინული დრონი გაანადგურეს, ხოლო დილის შვიდიდან ცხრა საათამდე - 23. ეს გაცილებით ნაკლებია ლავროვის მიერ დასახელებულ 91-ზე. დღის ბოლოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რეზიდენციისკენ მიმავალი დრონების ნახევარი ნოვგოროდის ოლქის მეზობელ რეგიონებში ჩამოაგდეს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის გამოძიებით, რომელიც 2024 წლის ივლისში გამოქვეყნდა, ვალდაიში პუტინის რეზიდენციის გარშემო განათავსეს საჰაერო თავდაცვის სისტემის სულ მცირე 7 ობიექტი, „პანცირ-ს1“.