კრემლში „ტერორისტული აქტი“ და არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ, არამედ აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო ძალისხმევის წინააღმდეგაც მიმართული ქმედება უწოდეს პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის ძალების „შეტევას“.
ეს კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა მოსკოვში დღეს, 30 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „მსგავსი პროვოკაციები და სახელმწიფო ტერორიზმის მსგავსი აქტები“ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების დიალოგს და ნდობას ვერ შეარყევს.
პესკოვის თანახმად, „კიევის რეჟიმის“ ქმედებებს შესაბამის პასუხს სამხედროები გასცემენ, დიპლომატიური შედეგები კი იქნება მოლაპარაკების პროცესში რუსეთის პოზიციების გამკაცრება. შეკითხვას, კონკრეტულად რა გამკაცრდება, კრემლის პრესმდივანმა უპასუხა, რომ ამაზე საჯაროდ საუბარს არ აპირებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 29 დეკემბერს განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 91-ვე დრონი, რომლებითაც უკრაინის ძალებმა სცადეს ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმა. ლავროვის თანახმად, ინფორმაცია დაშავებულების და ზარალის შესახებ არ მიუღიათ. რუსეთის ამ ოლქში პუტინის რეზიდენცია ქალაქ ვალდაიდან ოც კილომეტრში მდებარეობს.
29 დეკემბერს კრემლის საიტზე გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ოფიციალური კომენტარი, რომელიც ეხებოდა პუტინის და ტრამპის მორიგ სატელეფონო საუბარს.
უშაკოვის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის დელეგაციასთან ფლორიდაში 28 დეკემბერს გამართული მოლაპარაკების შედეგების შესახებ. უშაკოვის თანახმად, პუტინმა ტრამპის ყურადღება მიაპყრო იმას, რომ ამერიკული მხარის მიერ „წარმატებულად მიჩნეული“ ამ რაუნდის შემდეგ „კიევის რეჟიმმა“ დრონების „მასშტაბური გამოყენებით ტერორისტულ შეტევას მიმართა“ პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციაზე ნოვგოროდის ოლქში.
პუტინის თანაშემწის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობის მისაღწევად ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდროდ მუშაობას გააგრძელებენ, მაგრამ „გადახედილი იქნება რუსეთის პოზიციები ადრე მიღწეულ მთელ რიგ შეთანხმებებზე".
რუსეთის განცხადებებს პუტინის რეზიდენციაზე უკრაინული დრონებით „შეტევის" შესახებ „მორიგი ტყუილი" უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, მისი და დონალდ ტრამპის წარმატებული შეხვედრა, რომელიც 28 დეკემბერს ფლორიდაში გაიმართა, რუსეთს არ მოეწონა და ახლა საბაბს ეძებს, რათა კიევში დაარტყას სახელმწიფო დაწესებულებებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 29 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან მიღებული ინფორმაციით, მის რეზიდენციაზე დარტყმა სცადეს. ტრამპის თქმით, „ეს ცუდია“.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის ISW-ს თანახმად, არ არსებობს ნოვგოროდის ოლქში პუტინის რეზიდენციაზე დრონებით შეტევის არანაირი მტკიცებულება. რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმები, როგორც წესი, კვალს ტოვებენ და მისი აღმოჩენა საჯარო წყაროებითაცაა შესაძლებელი. მათ შორისაა კონკრეტულ ადგილებში გადაღებული ვიდეოები, რომლებზეც ასახულია აფეთქებები და ხანძრები, მათ შესახებ ადგილობრივი სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობები, ხელისუფლების განცხადებები და ა.შ. 29 დეკემბერს ნოვგოროდის ოლქის შემთხვევაში მსგავსი მტკიცებულებები არ ყოფილა.
გამოცემა „სოტას” ინფორმაციით, ვალდაის მცხოვრებთ ღამით არ გაუგიათ საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედებისთვის დამახასიათებელი ხმა, რომელიც შეტევის მოგერიების შემთხვევაში აუცილებლად იქნებოდა. როგორც გამოცემა წერს, ვალდაის რაიონამდე მისაღწევად უკრაინულ დრონებს უნდა გადაელახათ რუსეთის საჰაერო სივრცის კარგად დაცული ნაწილი და სტრატეგიული სარაკეტო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მრავალი ობიექტი, ამიტომ თუ უკრაინამ პუტინის რეზიდენციაზე შეტევა მოახრეხა, ეს ან სასწაული, ან რუსი სამხედროების გულგრილობის შედეგია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 29 დეკემბერს დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ნოვგოროდის ოლქში 18 უკრაინული დრონი გაანადგურეს, ხოლო დილის შვიდიდან ცხრა საათამდე - 23. ეს გაცილებით ნაკლებია ლავროვის მიერ დასახელებულ 91-ზე. დღის ბოლოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რეზიდენციისკენ მიმავალი დრონების ნახევარი ნოვგოროდის ოლქის მეზობელ რეგიონებში ჩამოაგდეს.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის გამოძიებით, რომელიც 2024 წლის ივლისში გამოქვეყნდა, ვალდაიში პუტინის რეზიდენციის გარშემო განათავსეს საჰაერო თავდაცვის სისტემის სულ მცირე 7 ობიექტი, „პანცირ-ს1“.
ფორუმი