აშშ-ში სისხლის სამართლით გათვალისწინებულ ბრალს წაუყენებენ სანქციების დარღვევისთვის ატლანტის ოკეანეში 7 იანვარს დაკავებული ტანკერის, Bella 1-ის ეკიპაჟის წევრებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ განაცხადა.
დაკავების მომენტისთვის ტანკერი რუსეთის დროშით დაცურავდა შეცვლილი სახელით Marinera.
აშშ-ის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, Bella 1-ს ნავთობი გადაჰქონდა ვენესუელიდან და ირანიდან. ბონდის თანახმად, სანქციების დარღვევის გარდა ტანკერის ეკიპაჟი არ დაემორჩილა აშშ-ის სანაპირო დაცვის მოთხოვნას და გაქცევა სცადა.
შეერთებულმა შტატებმა Bella 1-ს სანქციები 2024 წელს დაუწესა, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის” გემს, რომელსაც უკანონოდ გადაჰქონდა ირანული ნავთობი.
განახლება: 8 იანვარს რუსული მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობა, რომ ტანკერის ეკიპაჟის მხოლოდ 2 წევრია რუსეთის მოქალაქე, ყველაზე მეტი, 20 - უკრაინის მოქალაქე და 6, მათ შორის კაპიტანი - საქართველოსი.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ „ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას”.
ასევე ნახეთ რუსეთმა სამხედრო გემები გაგზავნა ამერიკელებისგან ტანკერის დასაცავად - მედია2025 წლის დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ვენესუელისკენ მიმავალი და ამ ქვეყნიდან მომავალი სანქცირებული ტანკერების ბლოკადის ბრძანება, აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა კარიბის ზღვაში სცადა სანქციების დარღვევაში ეჭვმიტანილი ტანკერის, Bella 1-ის დაკავება, თუმცა ეკიპაჟმა კურსი მკვეთრად შეცვალა, ტანკერის სახელი Marinera-დ გადაკეთდა და გემი ხელახლა დარეგისტრირდა გაიანის დროშის ნაცვლად რუსეთის დროშით მცურავ საშუალებად.
ტანკერმა, რომელმაც ვენესუელაში შეღწევა ვერ მოახერხა, გეზი ატლანტის ოკეანისკენ აიღო. აშშ-ის სანაპირო დაცვამ ტანკერის დევნა განაგრძო.
7 იანვარს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულმა სარდლობამ გამოაცხადა, რომ ტანკერი Bella 1 ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთში დააკავეს ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე. ოპერაცია დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით ჩატარდა.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 7 იანვარს განაცხადა, რომ Marinera, რომელსაც 2025 წლის 24 დეკემბრიდან ჰქონდა რუსეთის დროშით ცურვის დროებითი ნებართვა, 7 იანვარს იმყოფებოდა კონკრეტული სახელმწიფოების ტერიტორიულ წყლებს მიღმა, ღია ზღვაში, სადაც გაეროს კონვენციით მოქმედებს თავისუფალი ნაოსნობის რეჟიმი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტანკერის ეკიპაჟის წევრებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეები და ამერიკული მხარისგან მოითხოვენ მათ მიმართ ჰუმანურ და ღირსეულ მოპყრობას, უფლებების დაცვას და სამშობლოში სწრაფად დაბრუნებას.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებისთვის 7 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ სასამართლოს დადგენილება ტანკერის დაკავების შესახებ, ეკიპაჟზეც ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია მისი წევრების აშშ-ში ჩაყვანა და პასუხისგებაში მიცემა.
ასევე ნახეთ ტრამპი: აშშ ვენესუელიდან მიიღებს 30-50 მილიონ ბარელ ნავთობს