Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სამხედრო გემები გაგზავნა ამერიკელებისგან ტანკერის დასაცავად - მედია


საილუსტრაციო ფოტო. ტანკერი Bella 1
საილუსტრაციო ფოტო. ტანკერი Bella 1

რუსეთმა წყალქვეშა და სხვა სამხედრო გემები გაგზავნა მეგზურობის გასაწევად ტანკერისთვის, რომელიც ატლანტის ოკეანეში ცდილობს აშშ-ის ძალებისგან „გაქცევას“.

ამის შესახებ ტელეკომპანია CBS News-ი და გამოცემა Wall Street Journal-ი იუწყებიან ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

რუსეთს სამხედრო გემების გაგზავნის ინფორმაცია არ დაუდასტურებია. რუსული მხარისგან კომენტარის მიღება ვერც სააგენტო Reuters-მა შეძლო.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის 17 დეკემბერს გასცა ვენესუელისკენ მიმავალი და ამ ქვეყნიდან მომავალი სანქცირებული ტანკერების ბლოკადის ბრძანება.

დეკემბერში აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა კარიბის ზღვაში სცადა სანქციების დარღვევაში ეჭვმიტანილი ტანკერის, Bella 1-ის დაკავება, თუმცა ეკიპაჟმა კურსი მკვეთრად შეცვალა, ტანკერის სახელი Marinera-დ გადაკეთდა და გემი ხელახლა დარეგისტრირდა გაიანის დროშის ნაცვლად რუსეთის დროშით მცურავ საშუალებად.

ტანკერი, რომელმაც ვენესუელაში შეღწევა ვერ მოახერხა, ამჟამად ნავთობით დატვირთული არ არის.

ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს 6 იანვარს განუცხადა, რომ შეერთებული შტატების ძალები ტანკერის აბორდაჟს გეგმავენ.

6 იანვრის ღამის მონაცემებით, გემი იმყოფებოდა შოტლანდიასა და ისლანდიას შორის, სადაც უამინდობა ხელს უშლიდა შესაძლო ოპერაციას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ინფორმაცია უნდა მიაწოდოს დიდ ბრიტანეთს.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა, „ტასმა“ და „რია ნოვოსტიმ“ 6 იანვარს, საღამოს გაავრცელეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ შეშფოთებით აკვირდებიან „ანომალიურ სიტუაციას“ რუსული ტანკერის გარშემო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ტანკერი ატლანტის ოკეანის საერთაშორისო წყლებში მიცურავს რუსეთის სახელმწიფო დროშით და საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმების დაცვით, თუმცა „გაუგებარი მიზეზებით“ აშშ-ისა და ნატოს სამხედროები ტანკერს უთმობენ მის „მშვიდობიან სტატუსთან“ შეუსაბამო, გაზრდილ ყურადღებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტანკერს უკვე რამდენიმე დღეა მისდევს აშშ-ის სანაპირო დაცვის გემი მიუხედავად იმისა, რომ ტანკერი ამერიკის ნაპირებიდან დაახლოებით 4 ათას კილომეტრში იმყოფება.

განახლება: 7 იანვარს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულმა სარდლობამ გამოაცხადა, რომ ტანკერი Bella 1 ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთში დააკავეს ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე.

აშშ-ის ოპერაცია დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით ჩატარდა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრ ჯონ ჰილის განცხადებით, რუსეთისკენ მიმავალი ტანკერის დაკავება იყო სანქციების დარღვევასთან ბრძოლის გლობალური ძალისხმევის ნაწილი. ჰილის თანახმად, დაკავებული გემი ნაწილია სანქციებისთვის გვერდის ავლის რუსულ-ირანული სქემის, რომელიც კვებავს ტერორიზმს, კონფლიქტებს და უბედურებას ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინამდე.

7 იანვარს საღამოს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ გემზე Marinera, რომელსაც 2025 წლის 24 დეკემბრიდან ჰქონდა რუსეთის დროშით ცურვის დროებითი ნებართვა, ღია ზღვაში, რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებს მიღმა, გადასხდნენ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები და ტანკერთან კავშირი დაიკარგა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანახმად, გაეროს კონვენციით საზღვაო სამართლის შესახებ, ღია ზღვაში მოქმედებს თავისუფალი ნაოსნობის რეჟიმი და არცერთ სახელმწიფოს არ აქვს ძალის გამოყენების უფლება სხვა სახელმწიფოში დარეგისტრირებული გემების მიმართ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტანკერის ეკიპაჟის წევრებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეები და ამერიკული მხარისგან მოითხოვენ მათ მიმართ ჰუმანურ და ღირსეულ მოპყრობას, უფლებების დაცვას და სამშობლოში სწრაფად დაბრუნებას.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ სასამართლოს დადგენილება ტანკერის დაკავების შესახებ, ეკიპაჟზეც ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია მისი წევრების აშშ-ში ჩაყვანა და პასუხისგებაში მიცემა.

2025 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის რეჟიმი დაადანაშაულა ნავთობის მოპარვაში და ვენესუელიდან მომავალი და ამ ქვეყნისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერების სრული ბლოკადის ბრძანება გასცა.

ნიკოლას მადუროს მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტს ბრალად დასდო საერთაშორისო სამართლისა და თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობის პრინციპების დარღვევა.

  • 2026 წლის 3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც.
  • პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა. ტრამპის თანახმად, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელის განადგურებული სანავთობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ.
  • 5 იანვარს ნიკოლას მადუროს და სილია ფლორესს ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში ბრალი წაუყენეს ოთხი მუხლით. მათ შორისაა ნარკოტერორისტული შეთქმულება. ორივე მათგანმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG