ტრამპის თქმით, 25%-იან ტარიფებს უწესებს ირანის ბიზნესპარტნიორებს

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის 25% ტარიფს უწესებს ქვეყნებს, რომლებსაც ირანთან ბიზნესურთიერთობა აქვთ.

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, "განკარგულება საბოლოოა და შეუცვლელია". მისივე ტექსტის მიხედვით ტარიფი „დაუყოვნებლივ ამოქმედდა“. მეტ კონკრეტიკას აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი არ შეიცავს.

„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნესურთიერთობას აწარმოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან განხორციელებული ყველა საქმიანი ურთიერთობისთვის 25%-იან ტარიფს გადაიხდის", – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა თეთრის სახლის ვებსაიტზე. უცნობია, კონკრეტულად ირანის რომელ სავაჭრო პარტნიორებს შეეხებათ ტრამპის გადაწყვეტილება.

ირანთან სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოსაც. მათ შორის 2025 წლის სამი კვარტლის მონაცემებით ირანიდან საქართველოში 295.3 ათასი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ( FDI ) შემოვიდა. 2024 წელს საქართველო-ირანის სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 36.9 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 285.1 მლნ აშშ დოლარი.

ასევე ნახეთ ირანული კომპანიები ფიქციურ მისამართებზე, სახელმწიფო შესყიდვებსა და საპორტო ქალაქებში

რაც შეეხება საქართველოს აშშ-სთან ვაჭრობას, საქსტატის თანახმად, 2024 წელს საქართველოდან აშშ-ში 141 მლნ დოალარზე მეტის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. მათ შორის ყველაზე დიდი წილი 90 მლნ-ზე მტი ფეროშენადნობებზე მოდიოდა.

აპრილში ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებს ტარიფები დაუწესა, მათ შორის საქართველოს - 10%-იანი ტარიფი, რაც მინიმალური, საბაზისო განაკვეთია.

ასევე ნახეთ ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებს ტარიფები დაუწესა, მათ შორის საქართველოს - 10%-იანი ტარიფი

მანამდე დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე ირანის ხელმძღვანელობამ ვაშინგტონს მოლაპარაკება შესთავაზა, თეირანის მიერ მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტების სასტიკი ჩახშობის საპასუხოდ სამხედრო მოქმედებების შესახებ მისი მუქარის ფონზე.

11 იანვარს ტრამპმა თქვა, რომ ის და აშშ-ის სამხედროები სწავლობენ ირანში მომიტინგეების მხარდაჭერის ვარიანტებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაყჩის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციები „ძალადობრივი და სისხლისმღვრელი გახდა, რათა საბაბი მისცემოდა“ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქვეყანაში სამხედრო ჩარევისთვის.

მისი სიტყვებით, მზად არიან ომისთვის, თუმცა მოლაპარაკებისთვისაც.

ასევე ნახეთ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მზად არიან ომისთვის და დიალოგისთვისაც

მე-17 დღეა ირანში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებია. უფლებადამცველი ორგანიზაციები 500-ზე მეტი დაღუპული დემონსტრანტის შესახებ ავრცელებენ ცნობებს.

ამ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია, ქვეყანაში ინტერნეტის თითქმის სრული გათიშვის გამო ინფორმაციის მოპოვება ძალიან ჭირს, შეზღუდულია სატელეფონო მომსახურებაც.