ძალადობა ორივე მხრისგან მიუღებელია, ირანს ვუსურვებთ დამშვიდებას - „ოცნების“ წევრები ირანის დემონსტრაციებსა და სასტიკ ჩახშობაზე

ეკა სეფაშვილი, გია ვოლსკი და დავით მათიკაშვილი

ძალადობის დაგმობა „ორივე მხრიდან“, „მშვიდობა ირანს“, „დამშვიდება ირანის საზოგადოებას“, „სტაბილურობა“ - ასეთია პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებები ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობისა და დემონსტრანტების დახოცვის შესახებ.

„ძალადობა, ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი, იქნება ეს მომიტინგეების მიერ გამოვლენილი თუ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გამოვლენილი, არის დაუშვებელი“, - განუცხადა ჟურნალისტებს დღეს, 14 იანვარს ეკა სეფაშვილმა, „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ წევრმა.

„ირანელი ხალხის მაგივრად ვერ ვისაუბრებ“, - თქვა მან. ასევე განაცხადა: „თუ როგორ გადაწყდება, - გაასამართლებენ იმ პირებს, ვინც ეს ჩაიდინა, თუ რა გზით მოხდება ამ ვითარების დასტაბილურება, რეჟიმის შეცვლით თუ არშეცვლით, - ეს ირანელ ხალხზეა დამოკიდებული“.

ასევე ნახეთ ირანმა საქართველოში ელჩად დანიშნა დიპლომატი, რომელიც თალიბანმა ავღანეთიდან გააძევა

„ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა თქვა: „ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ მოვლენებს, რაც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას“.

„რა თქმა უნდა, ამ ძალადობის და ძალმომრეობის, ამ ყველაფრის შეწყვეტას ვისურვებდით. ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს, მოლაპარაკების გზით. ძალმომრეობა სრულიად დაუშვებელია ნებისმიერ იმ გამოვლინებაში, რასაც მსოფლიო აკვირდება დღეს ჩვენს რეგიონში მყოფ ქვეყანაში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ კი განაცხადა, რომ „არსებობენ რეალური რესურსის მქონე ქვეყნები, რომლებიც განაპირობებენ ვითარებას ამა თუ იმ მიმართულებით“, და „არსებობს საქართველო, რომლისთვის მთავარი ამოცანაა, რეგიონში სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული“.

ასევე ნახეთ "დახმარება გზაშია": ტრამპმა ირანელებს მოუწოდა, გააგრძელონ საპროტესტო აქციები
  • ირანში მასობრივი დემონსტრაციები, რასაც წინ ეკონომიკური კრიზისი უსწრებდა, 28 დეკემბრიდან იმართება თეირანსა და სხვა მრავალ ქალაქში.
  • უფლებადამცველები იუწყებიან დიდ მსხვერპლზე - სხვადასხვა ცნობით, 2000-ზე მეტი დემონსტრანტია მოკლული ხელისუფლების მიერ.
ასევე ნახეთ ამერიკული უფლებადამცველი ჯგუფის ცნობით, ირანში 2 400-ზე მეტი დემონსტრანტია მოკლული - ლაივბლოგი
  • ირანში მყოფმა ექიმმა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს 13 იანვარს უთხრა, რომ სახელმწიფოს მიერ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის ფონზე, უსაფრთხოების ძალები საავადმყოფოებიც შეიჭრნენ და დაშავებული მომიტინგეები სიკვდილით დასაჯეს; რადიო თავისუფლებას ექიმის განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება არ შეუძლია
  • ირანში ინტერნეტი და სატელეფონო ხაზები გათიშეს, თუმცა თვითმხილველების ჩვენებები მიუთითებს, რომ უსაფრთხოების სამსახურები მომიტინგეების წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან დარბევებს ახორციელებს.
ასევე ნახეთ ირანში დიდი მსხვერპლის შესახებ ცნობები ვრცელდება
ასევე ნახეთ რეზა ფეჰლევი ირანის არმიას ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებს
  • ამერიკულმა უფლებადამცველმა ჯგუფმა HRANA-მ 13 იანვარს, გვიან ღამით განაცხადა, რომ დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 571-ს მიაღწია.
  • HRANA-ს ინფორმაციით, დადასტურებულია 2 403 მომიტინგის, მთავრობასთან დაკავშირებული 147 პირის, 12 ბავშვისა და 9 შემთხვევითი გამვლელის სიკვდილი.
  • ორგანიზაციამ ასევე დაადასტურა 18 434 პირის დაკავება, ტელევიზიით გადაცემული იძულებითი აღიარების 97 შემთხვევა და მძიმე დაზიანებების შესახებ მიღებული 1 134 შეტყობინება.
  • პროტესტს უსაფრთხოების ძალების მხრიდან მოჰყვა ძალადობრივი დარბევა და ინტერნეტის საყოველთაო გათიშვა, რაც აჩენს შიშს, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს.