ირანელი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში პრინცი რეზა ფეჰლევი ამბობს, რომ „დახმარება უკვე გზაშია“ და გულისხმობს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელიც მან სამშაბათს 13 იანვარს გააკეთა.
ირანის ყოფილი შაჰის მემკვიდრე, სამხედრო მოსამსახურეებს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „თქვენ ირანის ეროვნული არმია ხართ და არა ირანის ისლამური რესპუბლიკის არმია, თქვენ გევალებათ თქვენი თანამემამულეების სიცოცხლის დაცვა“. ის სამხედრო მოსამსახურეებს აფრთხილებს, რომ „ცოტა დრო დარჩათ“.
გამოცემა Axios-ის რეპორტიორმა ბარაკ რავიდმა 13 იანვარს პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი „ფარულად“ შეხვდა ირანის ბოლო შაჰის მემკვიდრე პრინც რეზა ფეჰლევის, რომელიც ოპოზიციის ფიგურა გახდა.
მას მოჰყავს „ამერიკელი ჩინოვნიკის“ ციტატა, რომელმაც განაცხადა, რომ შეხვედრისა და მოლაპარაკებების ფოკუსი ირანში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იყო.
აშშ-ის ოფიციალურ პირებს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ ეს ამბავი.
Axios-ის ინფორმაციით, ეს არის პირველი მაღალი დონის შეხვედრა ირანის ოპოზიციასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის მას შემდეგ, რაც 28 დეკემბერს ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო.
საიტის ცნობით, ფეჰლევი ცდილობს თავი „გარდამავალ“ ლიდერად წარმოადგინოს, თუ რეჟიმი დაეცემა.
უიტკოფი ადრე ტრამპის წარმომადგენელი იყო ისლამურ რესპუბლიკასთან ბირთვულ მოლაპარაკებებში.
ამავდროულად ირანის ისლამური რესპუბლიკა აშშ-ის პრეზიდენტს მისი განცხადების გამო „პოლიტიკური არასტაბილურობის ხელშეწყობაში“, „ძალადობის წახალისებაში“ ასევე, „ირანის ეროვნული სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროების“ შექმნაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ნათქვამია გაეროში ირანის ისლამური რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლის ამირ საიდ იავანის მიერ ორგანიზაციის უშიშრობის საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში.
ელჩის მიმართვაში გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშისადმი, ასევე ნათქვამია, რომ „შეერთებული შტატებსა და ისრაელის რეჟიმს ეკისრება უპირობო პასუხისმგებლობა უდანაშაულოდ დაღუპული ადამიანების სიცოცხლეზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების“.
მანამდე ირანის მთავრობამ განაცხადა, რომ აშშ-ის და ისრაელის წახალისებულია ბოლო დღეებში ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები და რომ შესაბამისი ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენაც შეუძლიათ.
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დეკემბრის ბოლოს დაწყებული მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მთავრობის მიერ სასტიკი ჩახშობის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. Reuters-ი, ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 2000-ს აღწევს.
ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ირანის მთავრობის მიერ ინტერნეტის მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშვის გამო, რაც მიზნად ისახავს მომიტინგეებსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის ინფორმაციის ნაკადის შეზღუდვას, შესაძლოა, მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო მეტი აღმოჩნდეს და რამდენიმე ათასს მიაღწიოს.
დაკავებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 10 000-ს აჭარბებს.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპმა 13 იანვარს, განაცხადა რომ შეერთებული შტატები „მკაცრ ზომებს“ მიიღებს, თუ ირანის რეჟიმი დაკავებულ ირანელებს სიკვდილით დასჯის.
„როდესაც ისინი ათასობით ადამიანის მოკვლას იწყებენ - და ახლა თქვენ ჩამოხრჩობაზე მელაპარაკებით. ვნახოთ, როგორ იქნება ეს მათთვის. თუ ისინი ასეთ რამეს გააკეთებენ, ჩვენ ძალიან მკაცრ ზომებს მივიღებთ“, - უთხრა ტრამპმა CBS News-ს.
გუშინ, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 14 იანვარს ირანის ხელისუფლება დაკავებული ირანელი მომიტინგის, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯას გეგმავს: „ისლამური რესპუბლიკის რეჟიმმა 10 600-ზე მეტი ირანელი დააკავა მხოლოდ ძირითადი უფლებების მოთხოვნის გამო. მათ შორისაა 26 წლის ერფან სოლტანი, რომელსაც 14 იანვრისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს“.
ფორუმი