ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

აბას არაყჩი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ უარყო ისლამურ რესპუბლიკაში 28 დეკემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას მასობრივი მსხვერპლის შესახებ გავრცელებული ცნობები და ნებისმიერი მკვლელობა „ისრაელის შეთქმულებას“ დააბრალა.

რაც, მისი სიტყვებით, დიდი რაოდენობით მსხვერპლის შექმნას ისახავდა მიზნად. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ FOX News-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შეკითხვაზე, რომ ირანში დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა 2500-დან 12000-მდე მერყეობდეს, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ დაღუპულია ასობით ადამიანი. მისი თქმით, ეკონომიკურ საკითხებზე დაწყებული მშვიდობიანი აქციები ათი დღის შემდეგ გახდა ძალადობრივი მას შემდეგ, "როდესაც გარედან ტერორისტული ელემენტები შემოვიდნენ ამ საპროტესტო აქციებში, დაიწყეს პოლიციის ძალების, პოლიციის თანამშრომლებისა და უსაფრთხოების ძალების მიმართულებით სროლა". მისი სიტყვებით, ეს იყო „დაეშის“ სტილის ტერორისტული ოპერაციები. არაყჩის მტკიცებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში "ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების".

მან გაიმეორა ირანის ხელისუფლების მანამდე გამოხატული პოზიცია, რომ „თაღლითმა, ტერორისტების მსგავსმა აქტორებმა“ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით სროლა ერთი მიზნით დაიწყეს, რომ კონფლიქტში ჩართულიყო შეერთებული შტატები

„მათ სურდათ მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა. რატომ? იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მკვლელობები მოხდება, ის ჩაერევა.... მათ სიკვდილიანობის რაოდენობის გაზრდა დაიწყეს ჩვეულებრივი ადამიანების, პოლიციელების მკვლელობით, სხვადასხვა ქალაქში ერთგვარი ბრძოლის დაწყებით", - თქვა არაყჩიმ.

ასევე ნახეთ ირანში დიდი მსხვერპლის შესახებ ცნობები ვრცელდება

მისი მტკიცებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს. ირანელი დიპლომატის სიტყვებით, მის ქვეყანაში ახლა სიმშვიდეა.

„ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. იმედი ვიქონიოთ, რომ სიბრძნე გაიმარჯვებს. ჩვენ არ ვცდილობთ დაძაბულობის მაღალი დონის შექმნას, რაც შეიძლება ყველასთვის კატასტროფული იყოს“, - თქვა არაყჩიმ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელების საკითხს განიხილავს.

ასევე ნახეთ აშშ-ის ირანზე თავდასხმა გარდაუვალია და შესაძლოა 24 საათში მოხდეს - "როიტერსი", დასავლურ წყაროებზე დაყრდნობით

ირანის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ, ვაშინგტონის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, თეირანი საპასუხო დარტყმებს განახორციელებს აშშ-ის ბაზებზე რეგიონში.

აშშ-ის მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, "როიტერსს" განუცხადა, რომ რეგიონში დაძაბულობის ზრდის გათვალისწინებით, აშშ-ს მთავარი ბაზებიდან გაჰყავს თავისი სამხედროები.

აშშ-ის მხრიდან შესაძლო დარტყმების მოლოდინში, დიდმა ბრიტანეთმაც გაიყვანა სამხედრო პერსონალი კატარში მდებარე საჰაერო ბაზიდან. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

13 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს მოუწოდა, გააგრძელონ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები და რომ „დახმარება გზაშია“. იმავე მიმართვაში ტრამპმა აღნიშნა, რომ გააუქმა ირანელ ოფიციალურ პირებთან ყველა შეხვედრა, „სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობა არ შეწყდება“.

„ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი - დაიკავეთ თქვენი დაწესებულებები!!!... დახმარება გზაშია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია Truth Social-ში.

ირანში ორი კვირაა მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები, რის საბაბადაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იქცა. უფლებადამცველმა ჯგუფმა 13 იანვარს, გვიან ღამით განაცხადა, რომ ირანში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 571-ს მიაღწია. HRANA-ს ინფორმაციით, დადასტურებულია 2 403 მომიტინგის, მთავრობასთან დაკავშირებული 147 პირის, 12 ბავშვისა და 9 შემთხვევითი გამვლელის სიკვდილი. ორგანიზაციამ ასევე დაადასტურა 18 434 პირის დაკავება, ტელევიზიით გადაცემული იძულებითი აღიარების 97 შემთხვევა და მძიმე დაზიანებების შესახებ მიღებული 1 134 შეტყობინება.