Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ირანზე თავდასხმა გარდაუვალია და შესაძლოა 24 საათში მოხდეს - "როიტერსი", დასავლურ წყაროებზე დაყრდნობით


კადრი სოციალურ მედიაში 9 იანვარს გამოქვეყნებული ვიდეოდან. თეირანი, საადათ აბადის მოედანი
კადრი სოციალურ მედიაში 9 იანვარს გამოქვეყნებული ვიდეოდან. თეირანი, საადათ აბადის მოედანი

ირანში მიმდინარე პროტესტის, მასობრივი დაპატიმრებებისა და ხელისუფლების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების ფონზე, სააგენტო "როიტერსი", დასავლეთის სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, წერს, რომ “ყველა სიგნალი არსებობს, რომ აშშ-ის თავდასხმა [ირანზე - რ.თ.] გარდაუვალია”.

იმავე წყაროების თანახმად, სიფრთხილის ნიშნად, აშშ-ს გაჰყავს სამხედრო პერსონალი შუა აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე ბაზებიდან, ირანის უშიშროების აპარატი კვლავაც აკონტროლებს ვითარებას ირანში.

“ყველა სიგნალი არის, რომ აშშ-ის თავდასხმა გარდაუვალია, მაგრამ ამ სიგნალებით აშშ ყველას ფხიზლად ამყოფებს. არაპროგნოზირებადობა სტრატეგიის ნაწილია”, - განუცხადა ოთხშაბათს დასავლელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა "როიტერსს".

ორი ევროპელი მაღალჩინოსნის თანახმად კი, აშშ-ის ინტერვენცია შესაძლოა განხორციელდეს მომდევნო 24 საათში. ისრაელელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ, ჩანს, პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა ინტერვენცია, თუმცა მასშტაბი და გრაფიკი კვლავაც უცნობია.

ირანის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ, ვაშინგტონის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, თეირანი საპასუხო დარტყმებს განახორციელებს აშშ-ის ბაზებზე რეგიონში.

აშშ-ის მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, "როიტერსს" განუცხადა, რომ რეგიონში დაძაბულობის ზრდის გათვალისწინებით, აშშ-ს მთავარი ბაზებიდან გაჰყავს თავისი სამხედროები.

აშშ-ის მხრიდან შესაძლო დარტყმების მოლოდინში, დიდმა ბრიტანეთმაც გაიყვანა სამხედრო პერსონალი კატარში მდებარე საჰაერო ბაზიდან. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

13 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს მოუწოდა, გააგრძელონ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები და რომ „დახმარება გზაშია“. იმავე მიმართვაში ტრამპმა აღნიშნა, რომ გააუქმა ირანელ ოფიციალურ პირებთან ყველა შეხვედრა, „სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობა არ შეწყდება“.

„ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი - დაიკავეთ თქვენი დაწესებულებები!!!... დახმარება გზაშია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია Truth Social-ში.

ირანში ორი კვირაა მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები, რის საბაბადაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იქცა. უფლებადამცველმა ჯგუფმა 13 იანვარს, გვიან ღამით განაცხადა, რომ ირანში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 571-ს მიაღწია. HRANA-ს ინფორმაციით, დადასტურებულია 2 403 მომიტინგის, მთავრობასთან დაკავშირებული 147 პირის, 12 ბავშვისა და 9 შემთხვევითი გამვლელის სიკვდილი. ორგანიზაციამ ასევე დაადასტურა 18 434 პირის დაკავება, ტელევიზიით გადაცემული იძულებითი აღიარების 97 შემთხვევა და მძიმე დაზიანებების შესახებ მიღებული 1 134 შეტყობინება.

ასევე ნახეთ:

ფორუმი

XS
SM
MD
LG