"ბიბისი" ჰყვება ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მცხოვრებთა გადაბირებაზე რუსეთში

რუსეთის არმია (საილუსტრაციო ფოტო)

ყოფილი მასწავლებელი რუსეთში, პოლინა აზარნიხი, ტელეგრამის არხის მეშვეობით ახორციელებდა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების მცხოვრებთა გადაბირებას რუსეთის მხარეს საბრძოლველად, უკრაინის წინააღმდეგ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან იემენის, სირიის, ეგვიპტის, მაროკოს, ერაყის, კოტ-დ'ივუარისა და ნიგერიის მოქალაქეებს გაუგზავნა 490-ზე მეტი მოსაწვევი, რომლებიც ამ პირებისთვის შესაძლებელს ხდიდა რუსეთში ჩასვლას, რუსეთის არმიის რიგებში სამსახურისთვის, - წერს "ბიბისი" ჟურნალისტურ გამოძიებაში.

გადაბირებულებმა და მათმა ნათესავებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ აზარნიხს კაცები შეცდომაში შეჰყავდა - ეუბნებოდა, რომ მათ არ გაგზავნიდნენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში. გარდა ამისა, იგი არ ამბობდა, რომ კონტრაქტები ავტომატურად ხანგრძლივდება, და გადაბირებულებს ემუქრებოდა. თავად აზარნიხი ამ ბრალდებებს უარყოფს, - წერს "ნასტოიაშჩეე ვრემია".

გადაბირებულებს შორის ერთ-ერთია ომარი - 29 წლის მშენებელი სირიიდან. იგი ჰყვება, რომ პოლინა აზარნიხი მას და სხვა სირიელებს დაჰპირდა მაღალანაზღაურებად სამუშაოს ნავთობის ობიექტების დაცვის სფეროში, და ასევე დაჰპირდა რუსეთის მოქალაქეობას.

2024 წლის მარტში ეს პირი და სირიის კიდევ 14 მოქალაქე მოსკოვში ჩაფრინდნენ. აზარნიხი მათ აეროპორტში დახვდა და სირიელები ბრიანსკის ოლქის გადაბირების ცენტრში წაიყვანა. ამ პირის თქმით, ცენტში აზარნიხმა მათ შესთავაზა ერთწლიანი კონტრაქტები რუსეთის არმიასთან, ყოველთვიური ანაზღაურებით 2,5 ათასი დოლარის ოდენობით და, ამასთან, ერთჯერადი ფორმით 5 ათასი დოლარის გადახდა. ომარი ამბობს, რომ კონტრაქტების ტექსტი შედგენილი იყო რუსულ ენაზე, რომელიც ჩასულებიდან არავის ესმოდა. აზარნიხმა მათ ჩამოართვა პასპორტები, თითქოს რუსეთის მოქალაქეობის გაფორმების მიზნით და ასევე დაჰპირდა, რომ ისინი შეძლებდნენ თავიდან აერიდებინათ მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში - თუკი მას თავიანთი ხელფასიდან 3-3 ათას დოლარს გადაუხდიდნენ.

ამ დაპირებების მიუხედავად, სირიელი პირი ჰყვება, რომ მხოლოდ ათდღიანი მომზადების შემდეგ იგი ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნეს. "აქ ჩვენ ნამდვილად დავიხოცებით", - ამბობს იგი "ბიბისისთვის" გაგზავნილ ერთ-ერთ ხმოვან შეტყობინებაში. ომარის თქმით, ფრონტზე ბევრი დაჭრილია - თუ ადამიანი აფეთქებისას არ მოკვდება, იგი ჭურვის ნამსხვრევების მოხვედრის შედეგად იღუპება. "ყველგან გვამებია ... გვამებს ვაბიჯებდი. ღმერთო, მაპატიე", - მის ამ სიტყვებს "ბიბისი" ციტირებს. დაკონკრეტებული არ არის ფრონტის რომელ ნაწილში იბრძოდა ეს პირი.

იგი ჰყვება, რომ უარი თქვა პოლინა აზარნიხისთვის 3 ათასი დოლარის გადახდაზე - რის პასუხადაც, მისი თქმით, აზარნიხმა მისი პასპორტი დაწვა და გაუგზავნა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ცეცხლმოკიდებულ პასპორტს ასახავდა. როცა ომარმა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე თქვა უარი, მისი თქმით, მეთაურები "მოკვლით ან ციხეში ჩასმით" დაემუქრნენ.

პოლინა აზარნიხი დაუმატეს უკრაინული საიტის, "მიროტვორეცის" ნუსხას - ამ წყაროს თანახმად, იგი დაკავშირებულია ტელეგრამის არხთან "დრუგ რასიი", რომელსაც 21 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და რომელიც მასალებს რუსულ და არაბულ ენებზე აქვეყნებს. The Insider-ი წერს, რომ ეს გადაბირების ყველაზე მსხვილი არხია. კერძოდ, 2025 წლის 14 დეკემბერს იქ გაჩნდა ცნობა სირიის მოქალაქეთა მიღების განახლებაზე - მათი, "ვისაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" (რუსეთის ხელისუფლება ამ ტერმინით აღნიშნავს უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრას).

უკრაინის ომის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ცნობები აზიისა და აფრიკის სახელმწიფოთა მოქალაქეების რუსეთის არმიაში გადაბირების თაობაზე, როგორც წესი, მოტყუებით. პირებს ჰპირდებიან რუსეთში სამსახურს, ხოლო იქ ჩასვლის შემდეგ აიძულებენ, ხელი მოაწერონ კონტრაქტებს თავდაცვის სამინისტროსთან.

ასევე ნახეთ ყაზახეთში წელს ასობით საქმე აღძრეს რუსეთის მხარეს საომრად უკრაინაში წასულთა წინააღმდეგ