კრემლი: პუტინი შუამავლის როლშია ირანის გარშემო ვითარების დეესკალაციის მიზნით

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შუამავლის როლშია ირანში შექმნილი ვითარების გარშემო, რათა სწრაფად მოხდეს დეესკალაცია - განაცხადა კრემლმა 16 იანვარს, მას მერე, რაც რუსეთის ლიდერი ელაპარაკა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს.

მოსკოვი - რომელიც თეირანის მოკავშირეა - გმობდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარებს ირანზე ახალი სამხედრო დარტყმების შესახებ, მას მერე, რაც ირანის ხელისუფლებამ სისხლიანი რეპრესიები განახორციელა გასული თვის ბოლოს დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.

ისრაელმა და აშშ-მა შარშან ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბეს, ირანს ისრაელთან 12-დღიანი ომი ჰქონდა.

რუსეთისა და ირანის კავშირები გაღრმავდა მას მერე, რაც მოსკოვი უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა. შარშან პუტინმა 20-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა ფეზეშქიანთან. მოსკოვს თანამშრომლობის ურთიერთობა აქვს ისრაელთანაც.

პარალელურად, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ (SCO) - რომელიც, მათ შორის, მოიცავს რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთსა და ირანს - განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება ირანში გარე ჩარევას, და დასავლეთის სანქციებს მიაწერა ნიადაგის შექმნა ირანში მღელვარებისთვის.

"ცალმხრივ სანქციებს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ჰქონდა ამ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ამან მოიტანა ადამიანთა ცხოვრების პირობების გაუარესება და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას ობიექტურად შეუზღუდა ზომების გატარების შესაძლებლობა ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად" - წერს ორგანიზაცია SCO განცხადებაში.

ირანში საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს დაიწყო, მზარდი ინფლაციის გამო და შემდეგ გადაიზარდა მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებში, რომელთა მიმართაც ხელისუფლების ძალებმა სისხლიანი რეპრესიები განახორციელეს.

ნორვეგიაში განთავსებულმა ორგანიზაციამ, ირანის ადამიანის უფლებების ჯგუფმა დაადასტურა უსაფრთხოების ძალების მხრიდან სულ მცირე 3428 დემონსტრანტის მოკვლის შემთხვევები, ხოლო აშშ-ში განთავსებული ორგანიზაცია დადასტურებულად 2885 მკვლელობაზე წერს.

უფლებადამცველები გამოდიან გაფრთხილებით, რომ მსხვერპლის რეალური რიცხვი სავარაუდოდ უფრო მაღალია. ირანში 8 იანვარს გათიშეს ინტერნეტი, რამაც ძალიან გაართულა მონაცემების დადასტურების ამოცანა.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება არ განახორციელოს სამხედრო დარტყმა ირანზე, რასაც მიაწერს გავრცელებულ ინფორმაციას თეირანის მხრიდან სიკვდილით დასჯის ასობით გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ასევე ნახეთ ტრამპის თქმით, იგი დარწმუნდა, რომ არ უნდა განახორციელოს ირანზე დარტყმა