"არავის დავურწმუნებივარ. მე თავად დავარწმუნე საკუთარი თავი", - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეზოში, 16 იანვარს - როცა დაუსვეს კითხვა, იგი ამაში არაბმა და ისრაელელმა ოფიციალურმა პირებმა ხომ არ დაარწმუნეს.
"გუშინ 800-ზე მეტი ჩამოხრჩობა იგეგმებოდა. მათ არავინ ჩამოუხრჩვიათ. მათ გააუქმეს ჩამოხრჩობები. ამან იქონია დიდი გავლენა", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბოლო პერიოდში ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა შეექმნა, 28 დეკემბერს დაწყებული აქციებით ეკონომიკური პრობლემების თაობაზე - ეს დემონსტრაციები თანდათან გადაიზარდა მასშტაბურ ანტისახელისუფლებო პროტესტში.
ნორვეგიაში განთავსებულმა ორგანიზაციამ, ირანის ადამიანის უფლებების ჯგუფმა დაადასტურა უსაფრთხოების ძალების მხრიდან სულ მცირე 3428 დემონსტრანტის მოკვლის შემთხვევები, ხოლო აშშ-ში განთავსებული ორგანიზაცია დადასტურებულად 2885 მკვლელობაზე წერს.
უფლებადამცველები გამოდიან გაფრთხილებით, რომ მსხვერპლის რეალური რიცხვი სავარაუდოდ უფრო მაღალია. ირანში 8 იანვარს გათიშეს ინტერნეტი, რამაც ძალიან გაართულა მონაცემების დადასტურების ამოცანა.
ტრამპი თავიდან გამოდიოდა გაფრთხილებით, რომ აშშ მზად იყო ზომების მისაღებად, თუ ირანის უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტებს დახოცავდნენ. მოგვიანებით იგი იმუქრებოდა "ძალიან მძლავრი ნაბიჯების" გადადგმით იმ შემთხვევაში, თუ ირანი დემონსტრანტებს ჩამოახრჩობდა.
17 იანვარს ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გაიმეორა თავისი განაცხადი, რომ ირანში დემონსტრაციები აშშ-მა გამოიწვია და მსხვერპლი ტრამპს დააბრალა.
"ჩვენ აშშ-ის პრეზიდენტს დამნაშავედ მივიჩნევთ მსხვერპლის, ზიანის და ირანის ხალხისთვის მოვლენილი ცილისწამების გამო", - თქვა ხამენეიმ.
მანამდე, 16 იანვარს ტრამპმა თავისი სოციალური ქსელით, Truth Social-ით საჯაროდ გადაუხადა მადლობა ირანის ლიდერებს: "ძალიან ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ყველა დაგეგმილი ჩამოხრჩობა, რომლებიც გუშინ უნდა შემდგარიყო (800-ზე მეტი) გაუქმდა ირანის ხელმძღვანელობის მხრიდან. გმადლობთ!"
ირანს საჯაროდ არც 800 დემონსტრანტის ჩამოხრჩობის გეგმა დაუდასტურებია და არც ამგვარი გეგმების გაუქმება.
ტრამპის განცხადებებს წინ უძღოდა აშშ-ის მედიაში ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობები, რომ კატარმა, საუდის არაბეთმა, ომანმა და ეგვიპტემ ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვეს არ მიეტანა იერიში ირანზე და გააფრთხილეს, რომ სამხედრო ნაბიჯებს მოჰყვებოდა უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტი. 15 იანვარს ტრამპს ტელეფონით ელაპარაკა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც, როგორც იუწყებიან, მას ასევე სთხოვა პოტენციური დარტყმების გადადება, რათა ისრაელი მოემზადოს ირანის მხრიდან შესაძლო პასუხისთვის.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ ირანთან მიმართებით ყველა შესაძლო ზომა კვლავაც ღია რჩება.
ფორუმი