ქართველი მეზღვაურები იყვნენ ვენესუელასთან კავშირის გამო დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე - ოჯახებს მათზე ინფორმაცია არ აქვთ

ტანკერ Veronica-ს დაკავებაზე ინფორმაცია 15 იანვარს გაავრცელა აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ.

მოკლედ

  • რადიო თავისუფლებას მეზღვაურების ოჯახის წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 იანვარს კარიბის ზღვაში ვენესუელასთან კავშირის გამო დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე, რომელიც გაიანის დროშის ქვეშ ცურავდა, 5 ქართველი მეზღვაური იყო.
  • გემის კაპიტნის მესამე თანაშემწის ძმა, რომელიც რადიო თავისუფლების ერთ-ერთი წყაროა, ამბობს რომ მას ბოლო კომუნიკაცია მეზღვაურთან 14 იანვარს ჰქონდა - ტანკერის დაკავების შემდეგ ოჯახი მასთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებს და არ იციან, სად და რა ვითარებაში იმყოფება.
  • რადიო თავისუფლება მეზღვაურების შესახებ საგარეო უწყებაში და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ცდილობს.
ტანკერი ვერონიკა, რომლის შესახებაც ინფორმაცია 15 იანვარს გაავრცელა აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო სარდლობამ, მეექვსე ტანკერია, რომელიც ვენესუელასთან კავშირების გამო დააკავეს.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაკავებული ტანკერები ან აშშ-ის სანქციების ქვეშ იყო, ან იყო ნაწილი ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტისა, რომლის ხომალდებიც თავიანთ წარმომავლობას ნიღბავენ, რათა ნავთობი გადაზიდონ სანქციების ქვეშ მყოფი სახელმწიფოებიდან - ირანიდან, რუსეთიდან, ვენესუელიდან.

ქართველი მეზღვაურები Veronica-ს გარდა, აღმოჩნდნენ 7 იანვარს ატლანტის ოკეანეში დაკავებულ ტანკერ BELLA 1-ზეც [Marinera] - ამ შემთხვევაში გემის კაპიტანი, ავთანდილ კალანდაძე იყო. ეკიპაჟის წევრებს შორის მის გარდა იყო კიდევ 5 ქართველი მეზღვაური. ამ გემის კაპიტანი, რადიო თავისუფლების ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთის მოქალაქეა.

ასევე ნახეთ აშშ-მა დააკავა ვენესუელასთან დაკავშირებული მეექვსე ტანკერი

მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ტანკერი Veronica, ისევე როგორც რამდენიმე დღით ადრე დაკავებული Marinera Bella 1 [Marinera], ეკუთვნის კომპანია „ბურევესტმარინს", რომელიც რუსეთის ქალაქ რიაზანში ნახევარი წლის წინ არის დარეგისტრირებული. კომპანიის მფლობელია ილია ბუგაი - რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდან, რომელიც ახლა მოსკოვში ცხოვრობს. ილია ბუგაი ასევე კომპანია „რუსნეფტეხიმტორგის“ გენერალური დირექტორია. ეს კომპანია ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს, მათ შორის, ტანკერებით.

ასევე ნახეთ დასტურდება, რომ ქართველია აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი - "ქართველი მეზღვაურების უმეტესობა მუშაობს რუსეთის ტვირთებზე"

რადიო თავისუფლებამ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში იკითხა, თუ აქვთ ინფორმაცია დაკავებული მეზღვაურების შესახებ და თუ კი, ამ შემთხვევაში რა იციან მათ შესახებ. ორივე უწყებამ გვითხრა, რომ "მოიკითხავენ" - მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ასევე ნახეთ საზღვაო სააგენტო ამოწმებს ცნობას, რომ აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერზე ქართველებიც არიან