კახა კალაძე შენობებზე წარწერების გაკეთებისთვის ჯარიმების გაზრდას ითხოვს

ამის შესახებ კახა კალაძემ 22 იანვარს გამართულ სხდომაზე ისაუბრა.

თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც ამავდროულად არის ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, შენობა-ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და სახელმწიფო უწყებათა შენობებზე წარწერების დატოვებისთვის ჯარიმების გაზრდას ითხოვს.

მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ამ ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.

„ორი წლის განმავლობაში ხუთი ათასამდე ფაქტი არის დაფიქსირებული, ეს არის შენობა-ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სახელმწიფო უწყებების შენობები, მეტროს ამოსასვლელები, გაჩერებები და ასე შემდეგ“, - თქვა კახა კალაძემ.

ასევე ნახეთ კონტროლი ქუჩაზე - როგორ ებრძვიან  ანტირუსულ წარწერებს და პატრიოტულ ნახატებს თბილისში 

მან აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარებაში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროც.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1662 მუხლის მიხედვით, „მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის, განზრახ დაზიანება ან განადგურება“ ისჯება 1000-ლარიანი ჯარიმით.

თბილისის ქუჩებში, შენობებზე, სახელმწიფო უწყებებზე და გაჩერებებზე ასობით წარწერაა დატოვებული. მათი ერთი ნაწილი პროევროპული აქციების დაწყების დროს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აკრიტიკებდა.

ასევე ნახეთ Before & After - როგორ გაჩნდა და წაიშალა თბილისში ტექსტები სასამართლოში კორუფციის შესახებ