ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალმა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი კაცის მკვლელობა სცადა, - შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციასა და ვიდეოკადრებს ავრცელებს.
ბრალდებული 38 წლამდეა, დაზარალებული კი - 35 წლამდე.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა (ინიციალებით მ.ს.) ბათუმში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ კაცს (ინიციალებით ქ.ი.-ს) „დანის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა“.
ორივენი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, - შსს პრესრელიზში არ აზუსტებს, რომელი ქვეყნის.
„დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს“, - იუწყება შსს-ის პრესცენტრი.
ბრალდებული დაკავებულია ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.