რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე.
27 იანვარს, ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის ცნობილი იყო, რომ დაშავდა სამი ადამიანი. ინფორმაცია სოციალური ქსელებით გაავრცელა ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა.
მისივე ცნობით, ქალაქში დაზიანებულია რამდენიმე მრავალბინიანი და კერძო სახლი, ერთი კი ნაწილობრივ დანგრეულია. გაჩნდა მასშტაბური ხანძრები. ლისაკის ინფორმაციით, დაზიანებულია ეკლესია და საბავშვო ბაღიც.
განახლება: ადგილობრივი დროით 07:00 საათისთვის ლისაკმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ოდესაში დაშავებულია 22 ადამიანი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავებულთა შორის 5 ბავშვია.
ასევე ნახეთ უკრაინამ დაადასტურა დარტყმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე რუსეთში, ყუბანის სლავიანსკში26 იანვარს საღამოს რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით შეუტიეს უკრაინის ქალაქ ხარკოვს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიჭრა, დაზიანდა ენერგოობიექტი და ორი სკოლა.
სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქ ხარკოვის და ხარკოვის ოლქის 80%-ს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.