Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ დაადასტურა დარტყმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე რუსეთში, ყუბანის სლავიანსკში


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 26 იანვარს განაცხადა, რომ დრონებით დაარტყეს რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ყუბანის სლავიანსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 26 იანვარს განაცხადა, რომ დრონებით დაარტყეს რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ყუბანის სლავიანსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ გასულ ღამით რუსეთის კრასნოდარის მხარეზე დრონებით შეტევის სამიზნე იყო ქალაქ ყუბანის სლავიანსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

უკრაინის გენშტაბის მიერ 26 იანვარს, დღის მეორე ნახევარში გავრცელებული განცხადების თანახმად, ეს ქარხანა რუსეთის „ენერგეტიკული ზურგის“ ნაწილია და რუსული არმიის უზრუნველყოფაშია ჩართული.

გენერალური შტაბის წინასწარი მონაცემებით, დრონებით დარტყმის შედეგად დაზიანებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების „დანადგარების ელემენტები“, მიყენებული ზიანის მასშტაბი კი დაზუსტების ეტაპზეა.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 26 იანვარს, დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ ქალაქ ყუბანის სლავიანსკში „უპილოტო საფრენი აპარატების ფრაგმენტები ჩამოცვივდა ორი საწარმოს ტერიტორიაზე, დაშავდა ერთი ადამიანი“ და ხანძრები გაჩნდა.

შტაბს კონკრეტული საწარმოები არ დაუსახელებია. ტელეგრამ-არხი ASTRA ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით წერდა, რომ დრონებით დარტყმა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

ყუბანის სლავიანსკში მდებარეობს კომპანია „სლავიანსკ ეკოს“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც კომპანიის საიტის თანახმად, წელიწადში ოთხ მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს. ამ ქარხანაზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო 2025 წლის დეკემბერშიც.

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.

რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.

თავის მხრივ, რუსეთის არმია განაგრძობს უკრაინის ენერგოობიექტების განადგურებას. უკრაინაში უმწვავესი ენერგოკრიზისია.




ფორუმი

XS
SM
MD
LG