ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს პოლიციელზე ძალადობისთვის

დავით შარაშიძე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ

დაკავებულია ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, „ქართული ოცნების” წარმომადგენელი დავით შარაშიძე. „პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით" შარაშიძის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ(შსს) დღეს, 28 იანვარს დილით განაცხადა.

პოლიცია ეძებს შარაშიძესთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ორ პირს, რომლებიც შსს-ს თანახმად, „მიმალვაში” არიან.

შსს-ს ინფორმაციით, „27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას”.

შსს-ს თანახმად, შარაშიძე და კიდევ ორი პირი ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელს, რომელსაც დაზიანებები აქვს სახესა და სხეულზე.

სავარაუდოდ, იმის გამო, რომ პოლიციელი მომხდარის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. საზოგადობრივი წესრიგის დამცველზე ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას სისხლის სამართლის კოდექსის 353- მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი განსაზღვრავს.

შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიების დასრულებამდე ინციდენტში მონაწილე დაზარალებული პოლიციელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია კადრების განკარგულებაში.

  • დავით შარაშიძე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ.
  • მანამდე ის ჩოხატაურის მერი იყო.
ასევე ნახეთ სასწრაფო დახმარების მანქანების ჩაშლილი ტენდერი და პირობების მორგება - რა ბრალდებით დააკავეს მინისტრის ექს-მოადგილე

გასულ კვირაში, 19 იანვარს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორმა თანამშრომელმა, კიდევ ორ ადამიანთან ერთად, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტყიბულში, ერთ-ერთ რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელსა და მათ თანმხლებ პირს.

ასევე ნახეთ ჯგუფური ძალადობის ბრალდება წაუყენეს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს