შარშან შეერთებული შტატების მოსახლეობა 1,8 მილიონით გაიზარდა და 342 მილიონს მიაღწია. აღწერის ფედერალური ბიუროს მონაცემებით, ეს ქვეყნის ისტორიაში ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტემპია.
შენელების ძირითადი მიზეზები იყო საზღვარგარეთიდან მიგრანტების შემოდინების შემცირება და შობადობის შემცირება. სამშაბათს გამოქვეყნებული მონაცემები ასახავს მოსახლეობის ზრდას 2024 წლის 30 ივნისიდან 2025 წლის 1 ივლისამდე პერიოდში. ამ პერიოდში მოსახლეობის ზრდის აბსოლუტური უმრავლესობა - 1,3 მილიონი ადამიანი - იმიგრაციაზე მოდიოდა. თუმცა, ეს თითქმის ნახევარია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც იმიგრანტების - როგორც ლეგალურის, ასევე არალეგალურის - რაოდენობამ რეკორდულ 2,7 მილიონს მიაღწია.
თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ამჟამინდელი ზომები ძალაში დარჩება, მიგრანტების რაოდენობა შეიძლება 321 000-მდე შემცირდეს.
შობადობის მაჩვენებელი ვარდნას განაგრძობს შეერთებულ შტატებში 2008 წლის ე.წ. „დიდი რეცესიის“ შემდეგ. ამერიკელებში დაბადებულთა რაოდენობამ 518 000-ით გადააჭარბა გარდაცვლილთა რაოდენობას.
New York Times-ი იმოწმებს დემოგრაფ კენეტ ჯონსონს ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტიდან, რომლის თქმითაც, იმიგრაცია 2010-დან 2020 წლამდე პერიოდში მოსახლეობის საერთო ზრდის დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენდა. ამჟამად ის 60 პროცენტს შეადგენს.
ასევე ნახეთ „თითქოს ახლოს იყო ოცნების ახდენა“ - საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის საიმიგრაციო ვიზებს ვეღარ მიიღებენ