„გუშინ გავიგე“ - ინტერვიუ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან

დავით გურგენიძე, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.

ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა დღეს დილით ტელეეთერებიდან, გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს, რომ 100-წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილი გახდება.

როგორ დაითანხმა „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა დავით გურგენიძე, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორია და სანაცვლოდ რას მიიღებს სტუ? - ამის შესახებ მას რადიო თავისუფლება ესაუბრა.

ასევე ნახეთ მერე რა მოხდა? - რექტორების უმრავლესობას მოსწონს ის, რასაც მათ და მათ სტუდენტებს ხელისუფლება უპირებს

ბატონო დავით, როგორ დაგითანხმეს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეერთებოდა?

- რა თქმა უნდა, კონსულტაციები იყო და ვისაუბრეთ ამაზე. დღევანდელი ხელისუფლება არ ჰგავს [მიხეილ] სააკაშვილს და გვექნება კონსულტაციები აკადემიურ საბჭოსთან, ფაკულტეტებთან და ერთად ვიმსჯელებთ.

გადაწყვეტილება მიღებულია და რაზე გაქვთ სამსჯელო?

- მე [პირველი პირი] არჩეული ვარ, ვინც ამირჩია, იმასაც ხო უნდა გავაგებინო მიღებული გადაწყვეტილება, არა?!

ტელეეთერიდან გაიგეს, ხო?!

- გაიგეს, მაგრამ იქნება ამაზე მსჯელობა. როგორც იქნება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის კარგი, საზოგადოებაც და აკადემიური საბჭოც ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.

რატომ იქნება ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ეს გადაწყვეტილება მომგებიანი?

- როგორი ტექნოლოგიური სკოლა იქნება ამ გაერთიანებულში, ამაზე არ ყოფილა ჯერ მსჯელობა. ამას, როცა ერთად გავივლით ბატონ მინისტრთან, მოვახსენებ ამას ჩემს აკადემიურ საბჭოს, ფაკულტეტების საბჭოს. წყნარად იქნება [გადაწყვეტილება] მიღებული, ყოველგვარი ექსცესების გარეშე.

თქვით, რომ გადაწყვეტილებაზე არ გისაუბრიათ აკადემიურ სფეროსთან, არ იცით, როგორი გახდება თქვენი ტექნიკურ-მატერიალური ბაზა. მაშინ, რით დაგითანხმეს?

- ჩემი თანხმობა ან ართანხმობა არაფერს არ ნიშნავს. ამაზე მსჯელობა იქნება და აკადემიური საბჭო გამოხატავს თავის აზრს. შეხვედრები მექნება. ჯერ ერთი საათი არ მცალია, ბატონ პრეზიდენტთან მივდივარ დაჯილდოებაზე. მოვალ და მექნება შეხვედრები. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესორები და სტუდენტები.

იქნებ და უკეთესია... ვითარდება ყველაფერი. იქნებ და ისეთი ტექნოლოგიური სკოლა იქნება, რომ გამოგვადგება შემდეგში.

თქვენი აზრი როგორ არ არის მნიშვნელოვანი?!

- ჩემი, ერთი კაცის აზრია, რომ ჯერ მთავრობისგან უნდა მივიღო დასტური იმისა, რა ტექნოლოგიური სკოლა იქნება, რომ ამ ადამიანებს ავუხსნა. კიდევ ერთხელ ვიძახი, ღრმად მწამს, დღევანდელი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც ამას აკეთებდა ადრე და ვერ გააკეთა.

ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ჩვენ როგორც მინისტრთან, ისე პრემიერ-მინისტრთან.

მე გეუბნებით, რომ მექნება შეხვედრები და ვიმსჯელებთ... იქნებ და ისეთი ტექნოლოგიური სკოლა იქმნება, როგორიც ყველას გაუხარდება.

გარდა იმისა, რომ თქვენი ხედვით, ამ ხელისუფლებას აქვს ძალა, სურვილი და ინტერესი რომ გააკეთოს, თქვენ რა დაინახეთ, რას დათანხმდით?

- უფასო განათლებას დავთანხმდი, პედაგოგების ხელფასის მომატებას და იმ სკოლას, რომელიც უნდა შეიქმნას და ამაზე გვექნება საუბარი.

რამდენ ხანს გრძელდებოდა უნივერსიტეტების გაერთიანებაზე ლაპარაკი და რამდენი შეხვედრა გაიმართა?

- ერთი წელია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის გუშინ გახდა ცნობილი.

გუშინ გაიგეთ, რომ თსუ-ს უერთდებოდით?

- კი ბატონო, გუშინ გავიგეთ, რომ ეს აზრი იყო.

თქვენ დააფიქსირეთ აზრი?

- არ დამიფიქსირებია. ჩემი პოზიცია ის არის, რაც უფრო უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და უნივერსიტეტისთვის, ამაზე ვიმსჯელებთ.

რაიმე წინააღმდეგობა ხომ არ გაქვთ?

- ფიქრის პროცესში ვარ. როგორ მოდელს შესთავაზებენ ტექნიკურ უნივერსიტეტს, იმ მოდელიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ.

თქვენი გადაწყვეტილების გარეშე ისაუბრა გივი მიქანაძემ?

- თქვა, თქვა, კი ბატონო! მაგრამ ჩემი ცხოვრება ჩემი გადაწყვეტილებაა! შეიძლება რაღაცას დავეთანხმო, შეიძლება რაღაცას არ დავეთანხმო.

თქვენი თანხმობა არ არსებობდა, ისე გამოცხადდა გადაწყვეტილება?

- ჩვენი კონსულტაციები ნიშნავდა, რომ მოვისმინეთ მათი გადაწყვეტილება და მე ვალდებული ვარ... მე ვერანაირ თანხმობას ვერ გავცემ... მე უნდა ვიმუშაო აკადემიურ სფეროსთან, სტუდენტებთან და შემდეგ შემიძლია გამოვხატო ჩემი აზრი.

თუ წინააღმდეგობა იქნება, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წახვალთ?

- რას ნიშნავს წინააღმდეგ წასვლა?! თუ არ იქნება უნივერსიტეტისთვის შესაბამისი, ამას წარვუდგენთ ბატონ პრემიერსა და მინისტრს.