“დაიცავი განათლება!”  - თბილისში შაბათის მარში გაიმართა

31 იანვარს, თბილისში ტრადიციული “შაბათის მარში” გაიმართა

31 იანვარს - პროევროპული აქციების 430-ე დღეს, თბილისში ტრადიციული “შაბათის მარში” გაიმართა. ფილარმონიასთან შეკრებილი ადამიანები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ.

ახალი, გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმების მიუხედავად, როცა პროტესტის მონაწილეებს ტროტუარზე დგომისთვისაც იჭერენ, მარშის მონაწილეები გადაადგილდებიან როგორც ტროტუარზე, ასევე საავტომობილო გზის ნაწილზეც.

პირველად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, პარლამენტის წინ - საავტომობილო გზის ერთი მხარე მცირე ხნით გადაიკეტა.

31 იანვარს, თბილისში ტრადიციული “შაბათის მარში” გაიმართა

აქციის მონაწილეთა შორის არიან უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, აქტივისტები, პოლიტიკოსები.

“დაიცავი განათლება!”, "ავტონომია უნივერსიტეტს!", “თავისუფლებას განათლება კვებავს, ავტოკრატიას - სიცრუე!” - აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას აპროტესტებენ.

ამ კვირის აქციას წინ უსწრებდა “ქართული ოცნების” ინიციატივა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შერწყმის შესახებ - რასაც ვნებათაღელვა მოჰყვა როგორც ამ ორ უნივერსიტეტში, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში.

უწყვეტი პროტესტის მთავარი მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს, სხვადასხვა მიზეზით დაკავებული ადამიანები.

უწყვეტი აქციები დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯს [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] არ გადადგამს 2028 წლის ბოლომდე.

ასევე ნახეთ ტექნიკური უნივერსიტეტიდან "ქართული ოცნების" მთავრობას, პარლამენტს და ცალკე - ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ