"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს კი, ცალკე წერილით - მხარდამჭერები შუამდგომლობის გაწევას სთხოვენ - რათა მიიღონ სრულფასოვანი განმარტებები და სტუ-ს თსუ-სთან შეერთების საკითხი ფართო მსჯელობის გარეშე არ გადაწყდეს.
"ქართული ოცნების" მთავრობისა და პარლამენტის პირველი პირებისთვის განკუთვნილი განცხადების ავტორები „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავენ ორი უნივერსიტეტის შერწყმის გეგმის გამო და აღნიშნავენ, რომ სტრუქტურული გადაწყვეტილებები საჯარო, დასაბუთებულ განხილვას უნდა ეფუძნებოდეს. ასეთი მსჯელობა მათ წარმოუდგენიათ ან უნივერსიტეტში - „პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლების” ჩართულობით ანდა “განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საპარლამენტო განხილვაზე” - სტუ-ს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების დაცვა და წარმოადგენს ეროვნული მნიშვნელობის საკითხს და ემსახურება ქვეყნის გრძელვადიან საგანმანათლებლო, სამეცნიერო - ტექნოლოგიურ განვითარებას”, - ნათქვამია განცხადებაში. ტექსტის თანახმად, “104 წლის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმოადგენს ქართული ტექნიკური და საინჟინრო განათლების ფუნდამენტს“. ტექსტში ჩამოთვლილია მიღწევები, რომელსაც სტუ-მ წლების განმავლობაში მიაღწია, ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო სარბიელზე.
ავტორები ხაზს უსვამენ ასევე, რომ - „საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის შესაბამისად, დაცულია ინსტიტუციური აკადემიური თავისუფლება და სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, ხელი შეუწყოს განათლებისა და მეცნიერების განვითარებას“; ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი „ამკვიდრებს უნივერსიტეტის უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი განვითარების სტრატეგია და სტრუქტურა“.
„აღნიშნული ნორმების სისტემური განმარტება ცხადყოფს, რომ უნივერსიტეტის იძულებითი შერწყმა სხვა დაწესებულებასთან, მისი აკადემიური საზოგადოების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს ავტონომიის შეზღუდვას და ეწინააღმდეგება კანონის მიზანსა და სულისკვეთებას“, - წერია ტექსტში.
წერილის ადრესატებად მითითებული არიან: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, გივი მიქანაძე.
განცხადების ავტორებმა პეტიციაც შეიმუშავეს - უნივერსიტეტების შერწყმის შეჩერების მოთხოვნით.
31 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმებულებმა ცალკე წერილით მიმართეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივისცემით ეკიდება უმაღლესი განათლების სისტემაში რეფორმების განხორციელების აუცილებლობას და მიესალმება იმ პრინციპებს, რომლებიც დეკლარირებულია „უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული კონცეფციით“. მაგრამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანება არ გამომდინარეობს აღნიშნული კონცეფციის არსიდან, მიზნებიდან და ლოგიკიდან, შესაბამისად, ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც რეფორმითაა განსაზღვრული”, - ავტორები სთხოვენ ბიძინა ივანიშვილს, შუამდგომლობა გაუწიოს მათ განათლების რეფორმის შემმუშავებელ კომისიასთან, რათა უნივერსიტეტის აკადემიურმა საზოგადოებამ მიიღოს „სრული და ამომწურავი ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შინაარსის, მიზნების, განხორციელების მექანიზმებისა და ვადების შესახებ”.
ივანიშვილისადმი მიძღვნილი განცხადება მთავრდება სიტყვებით - „პატივისცემით, თქვენი მხარდამჭერები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების იდეა, რომელიც “ქართული ოცნების” განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ, 29 იანვარს, ბრიფინგზე გაახმაურა, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ეს ამბავი სხვებზე ერთი დღით ადრე გაიგო. ბოლო ორი დღეა, სტუ-ს თანამშრომლებისა და სტუდენტების ნაწილი პროტესტს გამოხატავს.
უნივერსიტეტების კოლექტივების ინფორმირების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული უკმაყოფილების შესახებ გივი მიქანაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ “ეს პროცესი მხოლოდ ახლა იწყება” და იქნება განხილვა; თუმცა, მეორე მხრივ, გადაჭრით თქვა, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და ამ ცვლილებას პარლამენტში დაჩქარებული წესით უყრიან კენჭს.
ფორუმი