ინფორმაციას სააგენტო როიტერსი ავრცელებს.
5 წლის ბავშვის ფოტო, კურდღლის ყურებიანი ქუდით, რომელიც ფედერალური აგენტების გარემოცვაში დგას, სოციალურ ქსელებსა და მედიას რამდენიმე დღის წინ მოედო.
ბავშვი იმ ოთხ მოსწავლეს შორის იყო, რომლებიც იანვარში, მინეაპოლისის გარეუბანში, საიმიგრაციო უწყებამ დააკავა. ამის შესახებ კოლუმბია ჰაითსის საჯარო სკოლის რაიონი იუწყება.
„ამ საქმის სათავეა მთავრობის არაგონივრულად ჩაფიქრებული და არაკომპეტენტურად განხორციელებული მცდელობა, შეასრულოს ყოველდღიური დეპორტაციების კვოტები -თუნდაც ამისთვის ბავშვების ტრავმირება გახდეს საჭირო“, - სააგენტო როიტერსი ავრცელებს აშშ-ის საოლქო მოსამართლის, ფრედ ბიერის 31 იანვარს გამოქვეყნებული სამგვერდიანი გადაწყვეტილებიდან ამონარიდებს:
„საბოლოოდ, შესაძლოა, ისინი აშშ-ის რთული და გაუგებარი საიმიგრაციო სისტემის გამო, დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში, იძულებით ან თვითდეპორტაციის გზით. თუმცა, ეს უნდა მოხდეს უფრო მოწესრიგებული და ჰუმანური პოლიტიკის ფარგლებში და არა ისე, როგორც ახლა ხდება“, - აღნიშნავს მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში.
როიტერსის ცნობით, ეკვადორელი ბიჭი და მისი მამა შეერთებულ შტატებში ლეგალურად, თავშესაფრის მაძიებლების სტატუსით შევიდნენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს მათმა ადვოკატმა მარკ პროკოშმა განუცხადა.
მოსამართლე ბიერი, რომელიც თანამდებობაზე აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა დანიშნა, სამგვერდიან განკარგულებაში მკაცრად აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას:
„ადამიანის ქცევაზე დაკვირვება ადასტურებს, რომ ზოგიერთისთვის შეუზღუდავი ძალაუფლებისკენ ვერაგულ ლტოლვასა და ამ მიზნის მისაღწევად სისასტიკის გამოყენებას საზღვარი არ აქვს და მათ ადამიანური ღირსება სრულად დაკარგული აქვთ და კანონის უზენაესობა ეშმაკსაც წაუღია“, - წერს ფრედ ბიერი, ამერიკის შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოს, ტეხასის დასავლეთი ოლქის, სან-ანტონიოს განყოფილების მოსამართლე თავის განკარგულებაში.
5 წლის ბიჭის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას წინ უძღოდა საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლების მიერ იანვარში ჩატარებული რეიდები და მათ შორის, ამერიკის ორი მოქალაქის მკვლელობით გამოწვეული მღელვარება.
7 იანვარს, ფედერალურმა აგენტმა გასროლით მოკლა აშშ-ის მოქალაქე ქალი, რენე გუდი. ტრამპის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ქალი აგენტზე მანქანით შეჯახებას ცდილობდა, მაგრამ თვითმხილველები და ვიდეოჩანაწერების მაყურებლები აცხადებენ, რომ რენე გუდი ცდილობდა მანქანით გასცდენოდა ადგილს.
24 იანვარს ფედერალურმა ძალებმა მინეაპოლისში მოკლეს ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქე, 37 წლის ალექს პრეტი. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პრეტი თავს დაესხა ოფიცრებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით იმოქმედეს.
ამ ოფიციალურმა ვერსიამ - რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამკვიდრებენ - აღშფოთება გამოიწვია ადგილობრივ სამართალდამცავებში, მინეაპოლისის მოსახლეობის დიდ ნაწილში და დემოკრატ კანონმდებლებში - რადგან თვითმხილველთა მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერები, როგორც ჩანს, განსხვავებულ სურათს აჩვენებს.
სააგენტო Reuters-ი წერს, რომ შეისწავლა ადგილზე გადაღებული მასალა, რომელზეც ჩანს, რომ 37 წლის პრეტის ხელში ტელეფონი უჭირავს და არა იარაღი და ცდილობს დაეხმაროს დემონსტრანტებს, რომლებსაც საემიგრაციო სამსახურის აგენტები მიწაზე აგდებენ.
გუდის და პრეტის მკვლელობებმა მასშტაბური დემონსტრაციები გამოიწვია ამ, დემოკრატთა მიერ მართულ ქალაქში.
ტრამპი აცხადებს, რომ ფედერალური სამსახურის მხრიდან ოპერაციები აუცილებელია დანაშაულის შესამცირებლად და იმიგრაციის კანონების დასაცავად.
ასევე ნახეთ მინეაპოლისში ფედერალური ძალების მიერ მოქალაქის მოკვლა დაძაბულობას აღრმავებს ფედერალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის