"გავრცელებული მასალა უცხოური ინფორმაციული მანიპულირების ნიშნებს ატარებს და ჰიბრიდული გავლენის კამპანიის ნაწილია. პუბლიკაციის ავტორს, ოკაი დეპრემს, ადრე არაერთხელ გაუვრცელებია არასარწმუნო და მანიპულაციური ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაკავშირებით, რაც დაფიქსირებულია როგორც სომხური, ასევე საერთაშორისო ექსპერტული წრეების მიერ. ასეთი პუბლიკაციების მიზანი საზოგადოების პოლარიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შესუსტებაა საარჩევნო პროცესების წინ“, - განაცხადა ბაღდასარიანმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ფაშინიანმა მხარი დაუჭირა ღონისძიებას, ჩინეთის საერთაშორისო სატელევიზიო ქსელის თურქულენოვანმა პლატფორმამ, CGTN Turk-მა გაავრცელა. პუბლიკაციის ავტორად მითითებულია ოკაი დეპრემი, ჟურნალისტი, რომელიც, ღია წყაროების თანახმად, რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ცხოვრობდა და მუშაობდა.
ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს ასევე აზერბაიჯანულმა ვებსაიტმა haqqin.az-მა, ასევე ქართულმა პროსამთავრობო ტელეარხებმა „იმედმა“, „რუსთავი 2-მა", POSTV-მ (მოგვიანებით წაშალა) და არაერთმა ონლაინ მედიასაშუალებამ.
ტვ „იმედმა“, CGTN Turk-ზე დაყრდნობით, დაწერა, რომ თითქოს "სიყვარულის აღლუმი“ დაგეგმილია 7 აპრილს - დღეს, როდესაც სომხეთში ტრადიციულად აღინიშნება „დედობისა და სილამაზის დღე“.
თავის მხრივ, ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2-მა" და „პოსტივიმ" ინფორმაციის წყაროდ მიუთითეს ვებსაიტი lgbtq-armenia.com. ერთგვერდიან ვებსაიტზე, სომხეთში თითქოს დაგეგმილი ლგბტქ+ მარშის ფოტოები და დეტალური აღწერაა მოცემული. ამასთან, გამოსახულება, რომლებზეც მსვლელობის მონაწილეები ლგბტქ+ და სომხეთის დროშებით, ასევე პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანია აღბეჭდილი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა გენერირებული.
სერვის Whois--ის მონაცემებით, საიტის დომეინი პუბლიკაციის გამოქვეყნებამდე 11 დღით ადრე - 2026 წლის 22 იანვარს - დარეგისტრირდა, რაც სერიოზულ შეკითხვებს აჩენს გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებით, აღნიშნავს ქართული პროექტი „მითების დეტექტორი“.
კომპანია Meta-მ (Facebook) „მითების დეტექტორზე“ დაყრდნობით უკვე მიუთითა, რომ სოციალურ ქსელებში ქართული მედიის პუბლიკაციები არ შეესაბამება სიმართლეს.
პოლიტიკური ინიციატივის, „ჯერ საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი დარწმუნებულია, რომ ყალბი ამბების გავრცელება პირდაპირ კავშირშია სომხეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან. ის მიიჩნევს, რომ ქართულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები შემთხვევითი არ არის.
"ეს არის "ქართული ოცნების" მიერ ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში რუსეთის პროპაგანდაში დახმარება ფაშინიანის წინააღმდეგ, წინასაარჩევნო პერიოდში... "ქართული ოცნების" სამთავრობო მედიის კოორდინირებული მუშაობა ადასტურებს ფაშინიანის პროდასავლური ხელისუფლების წინააღმდეგ წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთის პროპაგანდის დახმარებას", - ამბობს გიორგი ტუმასიანი.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 7 ივნისსაა დაგეგმილი. მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ სომხეთმა ბრიუსელს მიმართა არჩევნებამდე ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაში მხარდაჭერის თხოვნით.
ასევე ნახეთ ფაშინიანის მომხრე ეპისკოპოსის ეკლესიიდან განკვეთის შემდეგ, სავარაუდოდ, გარეგინ II-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო