საქმე უკავშირდება გარეგინ II-ის მიერ ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერი ეპისკოპოსისთვის ხარისხის აყრასა და პრემიერ-მინისტრთან მის მიმდინარე დაპირისპირებას.
საროიანის განკვეთა
27 იანვარს, სამშაბათს, გვიან ღამით, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთ ეპისკოპოსს, გევორგ საროიანს - რომელიც ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერია გარეგინ II-ის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში, - ეპისკოპოსის ხარისხი აჰყარეს.
გადაწყვეტილება გარეგინ II-მ მიიღო.
ორი კვირით ადრე მან საროიანი ჩამოაშორა არარატის რაიონის ეპარქიის ხელმძღვანელობას.
თუმცა საროიანმა უარი განაცხადა გადაწყვეტილების შესრულებაზე და იგი სასამართლოში გაასაჩივრა.
უპრეცედენტო გადაწყვეტილება
არარატის რაიონულმა სასამართლომ 17 იანვარს მიიღო სომხეთისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ საროიანი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე უნდა აღდგეს „თანამდებობაზე“ - ეპარქიის ხელმძღვანელად.
სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ეკლესია არ უნდა შეეცადოს მისთვის მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლას.
ეჯმიაწინის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სომხურ სასამართლოებს არ აქვთ იურისდიქცია კათალიკოსის შეუზღუდავ უფლებამოსილებაზე, დანიშნოს ან შეცვალოს ეპარქიების მეთაურები.
ეკლესიაში ამტკიცებენ, რომ სომეხი მღვდლები ემორჩილებიან ეკლესიის საუკუნოვან კანონიკურ წესებს და არა დასაქმების სამოქალაქო ხელშეკრულებებს.
გარეგინ II-მ ეპისკოპოსის განკვეთის გადაწყვეტილება სასამართლოს განაჩენის მიუხედავად, 27 იანვარს მიიღო.
სისხლის სამართლის საქმე
ამის შემდეგ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლისსამართლებრივი საქმე.
საქმე აღიძრა სასამართლოს განჩინების დაუმორჩილებლობის მუხლით - ეს მუხლი ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სამართალდამცავ უწყებას ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებია ბრალი გარეგინი II-სთვის, მხოლოდ განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში „მიმდინარეობს საპროცესო და მტკიცებულებების მოპოვების ღონისძიებები“.
„სასამართლოს არ აქვს უფლება, ეჯმიაწინს რაიმე დაავალოს ან სხვა გადაწყვეტილებები მიიღოს ამასთან დაკავშირებით“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა მარინე ფარმანიანმა.
„საერო სასამართლოს არ შეუძლია საეკლესიო წესებზე რეაგირება“, - თქვა მან.
- სომხეთის მთავრობასა და ეკლესიას შორის დაპირისპირება ბოლო ერთი წელიწადია, მწვავდება;
- მმართველი გუნდი საუბრობს სომხურ ეკლესიაში საბჭოთა დროიდან შემორჩენილ კავშირებზე რუსეთის სპეცსამსახურებთან;
- ნიკოლ ფაშინიანს გაცხადებულად სურს გარეგინ II-ის ჩამოშორება ეკლესიის მეთაურობისგან.
ეპისკოპოსი საროიანი ერთ-ერთია იმ 10 მღვდელმთავარს შორის, რომლებმაც 2025 წლის ნოემბერში საჯარო მიმართვა გაავრცელეს, სექსსკანდალის „დაფარვაში“ დაადანაშაულეს გარეგინ II და მოუწოდეს მას, ნებაყოფლობით დატოვოს პოსტი.
ეკლესიაში 55 ეპისკოპოსი და არქიეპისკოპოსია. 27 მათგანი გარეგინ II-ს საჯაროდ უცხადებს მხარდაჭერას. დანარჩენი 18 ეპისკოპოსის პოზიცია უცნობია.
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესია „უნდა იქნას დაცული კრტიჩ ნერსისიანისგან [კათალიკოს გარეგინ II-ისგან - მას ფაშინიანი ერისკაცობის სახელით მოიხსენიებს] და სექტანტების სხვა ჯგუფებისგან, რომლებსაც წმინდა ეჯმიაწინი აქვთ ოკუპირებული“.
სომხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ნოემბრის დასაწყისში დააპატიმრეს გარეგინ II-ის ძმა და ძმისშვილი.
ფორუმი