პარლამენტთან დააკავეს დემონსტრანტი, რომელსაც სასამართლომ ტროტუარზე პროტესტისთვის 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

ზურა მანჩხაშვილის დაკავება

პოლიციამ პარლამენტის შენობის უკან, სესიის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციისას დააკავა, აქტივისტი, მზარეული ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, დეკემბერში ტროტუარზე პროტესტისთვის.

ზურა მანჩხაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან თავად მივიდა და მოუყვა, რომ უნდა დაეკავებინათ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის გამო. პოლიცია ადგილზე სატელეფონო საუბრით გაერკვა ვითარებაში და მანჩხაშვილი დააკავა.

როგორც დემონსტრანტმა დაკავებამდე უთხრა ჟურნალისტებს, დღეს 3 თებერვალს თვითონ დარეკა სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწესთან და ასე გაარკვია, რომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ის და მისი უფლებადამცველი სასამართლოს სხდომას არ დასწრებიან.

მანჩხაშვილს მანამდე ერთხელ უკვე ჰქონდა შეფარდებული 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

ტროტუარზე პროტესტისთვის სასამართლომ ამ დრომდე 10 შემთხვევაში გამოიტანა გადაწყვეტილება, ყველა დემონსტრანტი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა 5-ის შემთხვევაში გამოიყენა ადმინისტრაციული პატიმრობის მუხლი, დანარჩენების მიმართ კი მოსამართლე სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

კოდექსის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.

ასევე ნახეთ ტროტუარზე პროტესტისთვის ნუკრი კაკულიას 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
  • საქართველოში უწყვეტი დემონსტრაციები გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ - მან თქვა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.
  • მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, პიროტექნიკის გამოყენება, შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.
  • ტროტუარზე პროტესტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 10-ზე მეტ ადამიანს შეუდგინა. თუმცა სასამართლოს ამ დრომდე სამართალდამრღვევად არავინ ჰყავდა გამოცხადებული.

სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონები, რომლებიც დემონსტრაციებს შეეხება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არ არის განჭვრეტადი.