Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტროტუარზე პროტესტისთვის ნუკრი კაკულიას 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა


ფოტოკოლაჟი: ნუკრი კაკულია
ფოტოკოლაჟი: ნუკრი კაკულია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო ნურკი კაკულია სამართალდამრღვევად ცნო და 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნუკრი კაკულიას 17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე პროდასავლურ აქციაზე ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

დღეს იმავე საქმეზე მოსამართლე დავით მაკარიძემ 4-4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას, ხოლო 5-დღიანი პატიმრობა ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილს. სანდრო მეგრელიშვილი პირველი იყო, ვისაც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობა შეუფარდეს.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ იმავე საქმეზე 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა მიშა ზაქარეიშვილს, დემონსტრანტი ანი ახმეტელი კი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

სამართალდამრღვევად ცნო და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა მოსამართლე მანუჩარ ცაცუა ნათია ჭავჭანიძის შემთხვევაში.

22 იანვარს, მსგავს საქმეზე აქტივისტი რეზი დუმბაძე მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა.

კოდექსის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.

  • საქართველოში უწყვეტი დემონსტრაციები გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ - მან თქვა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.
  • მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, პიროტექნიკის გამოყენება, შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.
  • ტროტუარზე პროტესტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 10-ზე მეტ ადამიანს შეუდგინა. თუმცა სასამართლოს ამ დრომდე სამართალდამრღვევად არავინ ჰყავდა გამოცხადებული.

სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონები, რომლებიც დემონსტრაციებს შეეხება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არ არის განჭვრეტადი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG