მოთხოვნა უკავშირდება, სტუ-ს თანახმად, 3 თებერვალს ამ მედიასაშუალებების გავრცელებულ ცნობებს, რომ „უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პირობები არასათანადოა, ხოლო ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს“.
წინა დღეს, 2 თებერვალს, სტუ-მ ოპოზიციურ ტელეკომპანია „პირველს“ მოუწოდა, „თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან“ და იგი სტუდენტების დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. ბოდიში არ მოუთხოვია.
სტუ-ს შეფასებით, „სიუჟეტები წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მცდელობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების შესახებ“.
ასევე ნახეთ „როგორც ხელისუფლება იტყვის“ - თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება გადაწყვეტილია, მაგრამ „კონსულტაციები“ იქნება„სიუჟეტებში გამოყენებული ვიზუალური მასალა არ ასახავს არც აუდიტორიების, არც ლაბორატორიებისა და არც სველი წერტილების რეალურ მდგომარეობას. ამის მიუხედავად, სიუჟეტებში გაკეთებულია საპირისპირო დასკვნები, რაც წარმოადგენს მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას“, - აცხადებს უნივერსიტეტი.
სტუ-ს ამ განცხადებას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს სარეკლამო მომსახურების (NS) ფარგლებში.
უნივერსიტეტი ფოტოებს ავრცელებს ფეისბუკზე და წერს, რომ ეს ფოტოები ასახავს „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოქმედ სასწავლო-კვლევით სივრცეებსა და ინფრასტრუქტურას“.
ამავე განცხადების თანახმად:
- უნივერსიტეტის საერთო ფართი 187547, 9 კვ/მ-ია, საერთო სასწავლო ფართი შეადგენს 108678,9 კვ/მ-ს, ხოლო საერთო დამხმარე ფართი - 78868,955 კვ/მ-ს;
- „რუსთავი 2"-ის და „იმედის“ ჯგუფებმა მე-8 სასწავლო კორპუსში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე თავისივე სურვილით გადაიღეს სასწავლო ფართში განთავსებული HUAWEI-ის ლაბორატორია, განახლებადი ენერგიების ლაბორატორია, მზის ელექტროსადგური, ელექტრონული ინჟინერიის ლაბორატორია და რამდენიმე სხვა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია“;
- „სამწუხაროდ, „რუსთავი 2-ის და „იმედის“ ჟურნალისტებმა არცერთი ეს კადრი არ გამოიყენეს სიუჟეტის აგებისას და ყურადღება გაამახვილეს მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც სასწავლო ან კვლევითი პროცესებისთვის საერთოდ არ გამოიყენება და სადაც ამჟამად მიმდინარეობს ან დაგეგმილია სარემონტო სამუშაოები“, - აცხადებს სტუ.
თუკი ტელეკომპანიები ბოდიშს არ მოიხდიან და ინფორმაციას არ შეასწორებენ, უნივერსიტეტი კომუნიკაციების კომისიისთვის მიმართვას განიხილავს.
ტელეკომპანიებს ჯერ არ უპასუხიათ ბრალდებასა და მოთხოვნაზე.
სტუ-ს და თსუ-ს აერთიანებენ
- 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან.
- ერთიან სასწავლებელს თსუ ერქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს.
- 29 იანვრიდან პროფესორ-მასწავლებლების ნაწილმა და სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს.
- სტუდენტების ნაწილმა ირაკლი კობახიძესთან დებატები მოითხოვა.
- აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს დაგეგმილი ცვლილების შესახებ.
უნივერსიტეტებმა სამინისტროსთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს.
თსუ-ს და სტუ-ს წარმომადგენლები განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს პარასკევს, 6 თებერვალს, შეხვდებიან.
ასევე ნახეთ თსუ-ს და სტუ-ს წარმომადგენლები მიქანაძეს პარასკევს შეხვდებიან, „პოლიტიკური საკითხებს ის გასცემს პასუხს“ - სამუშია