უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა ცვლილებების დეტალების შესახებ ჯერჯერობით ბევრი ვერაფერი იციან, მათ შორის არც ის, თუ რატომ გადაწყვიტა „ოცნებამ“ ამის გაკეთება ასე სწრაფად - აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აზრის მოსმენის გარეშე.
დაჩქარებული ცვლილებების მთავარ მიზნად “ხარისხის ამაღლება” დაასახელა “ქართული ოცნების” განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ 29 იანვარს პრესკონფერენციაზე, თუმცა ფეისბუკზე ხალხი ვარაუდობს, რომ უნივერსიტეტების შერწყმას მათი შენობების გაყიდვის სურვილი უდევს საფუძვლად.
ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას სახელად დარჩება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ გეგმით, ცალკე აღარ იარსებებს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც წლების განმავლობაში “გეპეის” [რუსული აბრევიატურა - ГПИ] უწოდებდნენ.
“სიტყვები არ მყოფნის, ცრემლებს ვერ ვიკავებ... ძალიან მტკივა!” - წერს ფეისბუკზე ჰენრი კუპრაშვილი - ისტორიკოსი, მოცურავე, მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი, - რომელიც უკვე 58 წელია ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობს.
“ჩემთვის წარმოუდგენლად მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ ამხელა ისტორიის მქონე უმაღლესი სასწავლებელი, უძლიერესი სამეცნიერო ცენტრი და საამაყო ქართული საინჟინრო სკოლა გაუქმდა”.
თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1917 წელს დაარსდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს, ინსტიტუტი სახელმწიფო დაწესებულებად გამოცხადდა. 1928 წელს კი მას შეუერთდა თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი. ამ გაერთიანებას დაერქვა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
გაერთიანების შესახებ ამბავი პროფესორ-მასწავლებლებზე მხოლოდ ერთი დღით ადრე გავიგეო - უთხრა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ რადიო თავისუფლებას.
თან აღნიშნა - “დღევანდელი ხელისუფლება არ ჰგავს [მიხეილ] სააკაშვილს” და “კონსულტაციებს” გავივლით აკადემიურ საბჭოსთან და ფაკულტეტებთანო. თუმცა ამაზე, კონსულტირების ნაცვლად, ინფორმირება უფრო ითქმის - “ქართულ ოცნებას” უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს.
რექტორი ცვლილებებს ეთანხმება, მაგრამ ბოლომდე დეტალებში გარკვეული არც თავად არ არის. მაგალითად, არ იცის, “როგორი ტექნოლოგიური სკოლა იქნება ამ გაერთიანებულში”. მაგრამ სჯერა, რომ “წყნარად იქნება [გადაწყვეტილება] მიღებული, ყოველგვარი ექსცესების გარეშე”.
29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ უკვე აქვს ორივე უნივერსიტეტის რექტორების თანხმობა, ხოლო გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი კონსულტაციები და “სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი”.
29 იანვარს გივი მიქანაძემ ასევე განაცხადა, რომ:
- მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო „საბჭო“; ასევე დაინიშნებიან რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები.
- სწორედ მათ დაევალებათ რეორგანიზაციის პროცესის წარმართვა.
- არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება.
- არ შემცირდება სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტები.
ბევრს ეეჭვება, რომ პროფესორ-მასწავლებლებს არაფერი შეეხება.
უბრალოდ არ წარმოუდგენიათ, რომ “ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის” პრინციპი [რასაც “ოცნება” საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას უწოდებს] საკადრო ცვლილებების გარეშე ჩაივლის. საერთოდაც, ბევრის აზრით, ეს ყველაფერი სწორედ პროფესურის “კონტროლისა” და “მოთვინიერებისთვის” არის წამოწყებული. ამ საკითხის გარშემო მწვავე მსჯელობა “განათლების რეფორმის” გამოცხადების დღიდანვე გაჩაღდა.
გივი მიქანაძემ, უკვე პროსახელისუფლებო “იმედის” ეთერში, განმარტა, რომ სახელმწიფო ამ პროცესში ჩაერთვება „კანონმდებლობის ფარგლებში“ და არ ჩაერევა “უნივერსიტეტის ავტონომიურობაში”. “ეს ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება”, - თქვა მან.
რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას უნივერსიტეტების კოლექტივების ინფორმირების გარეშე, კონსენსუსის არარსებობასა და ამით გამოწვეულ უკმაყოფილებას, “ქართული ოცნების” მინისტრმა, “იმედის” ეთერში, ერთი მხრივ, განაცხადა, რომ “ეს პროცესი მხოლოდ ახლა იწყება”, მაგრამ, მეორე მხრივ, თქვა, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და სადავო პარლამენტი ამ ცვლილებას დაჩქარებული წესით უყრის კენჭს.
თსუ-ს პედაგოგებმა, რომლებსაც რადიო თავისუფლება დაუკავშირდა, კომენტარისგან თავი შეიკავეს - ახლა ვერკვევით ვითარებაშიო. ხოლო ერთ-ერთმა სიტუაცია შეადარა წარმოსახვითი ფილმის სცენარს, რომელშიც კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე შენს ბინას, მოულოდნელად და დაუკითხავად, მეზობლის ბინას უერთებს და ერთ დღესაც, ორი ოჯახი ერთ სივრცეში იღვიძებს.
“ამ ორი განსხვავებული დაწესებულების გაერთიანება საერთაშორისო რეიტინგს გაზრდისო, ხოდა ამაზე ერთი ისტორია მახსენდება. ორსულ ქალს თუ ბავშვის გასაჩენად 9 თვე სჭირდება, მაშინ, 9 ორსული ქალი ბავშვს 1 თვეში გააჩენსო?
ადამიანები და მათ მიერ მართული დარგები, უცებ, ერთ უნივერსიტეტად თუ გარდაიქმნებიან, სამწუხაროდ, ეს ისეთ ქაოსს გამოიწვევს, რომ წარმატებული დარგებიც დაზიანდებიან, ის ერთი ორსული ქალი კი იმ ბავშვს 9 თვეშიც ვეღარ გააჩენს!” - კიდევ ერთი შედარების შესახებ ფეისბუკზე თსუ-ს მოწვეულმა ლექტორმა ლაშა შაყულაშვილმა დაწერა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ინფორმაციაზე დაყრდნობით, თსუ-ს ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით: 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აბიტურიენტების უდიდესმა ნაწილმა [38 263] თსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამები აირჩია [შემოხაზა]. ჯამში, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებული იყო 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 704-მა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88%-ს შეადგენს.
დიდი ტრადიციების მქონე ორი უნივერსიტეტის შერწყმის იდეის გარშემო კრიტიკული კომენტარები ჭარბობს. მათ შორის - პროსახელისუფლებო არხების პოსტების ქვეშაც.
- “დატოვეთ რამე წმინდა!!!! სამარცხვინოა ეს ყველაფერი!!”
- “შემდეგ იქნება - ამდენი კორპუსები რად უნდა უნივერსიტეტებსო და ჩანაცვლდება მშენებარე კორპუსებით”.
- “...ხალხს დასცინიან, რაში ენაღვლებათ, თავისი შვილები კი ჰყავთ გაბარებული ევროპისა და აშშ-ს უმაღლეს სასწავლებლებში”.
- “რომელი შენობაა გასაყიდი? რომელი უფრო სარფიანად გაიყიდება? თქვე დალოცვილებო, ხალხს აღარ ეკითხებით?!ასეთი რამ რომელი სულელის თავში შეიძლება მოიხარშოს?! სანამ დროა, დაფიქრდით”.
თსუ-სა და სტუ-ს შენობები, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, ძირითადად ვაკისა და საბურთალოს ტერიტორიაზეა. ამ ნაგებობების გაყიდვაზე, შარშან ოქტომბერში “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ლაპარაკობდა.
2025 წლის 16 ოქტომბერს, პროსახელისუფლებო “იმედის” ეთერში კობახიძემ განაცხადა, რომ შენობების გაყიდვასაც გეგმავენ. უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში, რომელთა შენობებიც არ გაიყიდება, მან დაასახელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, თეატრალური უნივერსიტეტი, კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია. მას არ უხსენებია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია თბილისის ცენტრში, ძირითადად, კონკრეტული შენობების რეალიზაციის ხარჯზე ახალი [საუნივერსიტეტო] ინფრასტრუქტურის განვითარება”, “დავაკონკრეტებ, რომ ეს არ შეეხება იმ შენობებს, რომლებიც არის ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის და ქართული კულტურის იდენტობის ნაწილი”, - აცხადებდა მაშინ კობახიძე.
სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისთვის “ქართული ოცნების” მიერ გასული წლის ოქტომბერში დაანონსებულ რეფორმას უარყოფითი რეაქციები მოჰყვა, გაიმართა აქციებიც - მაგრამ არა ხალხმრავალი. უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგთა უდიდესი ნაწილი, სტუდენტების მსგავსად, საკუთარი აზრის გამოხატვისგან ძირითადად თავს იკავებდა.
ბევრმა შენიშნა, რომ შერწყმის იდეა უფრო ხმაურიანი აღმოჩნდა. ცვლილებების გეგმაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ის მანამდე არასდროს უხსენებიათ.
ანალიტიკოს გია ნოდიასთვის უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანება “წვრილმანი დეტალია” იმასთან შედარებით, “რაც ქვეყანაში ხდება”.
“გეპეის მიერთებით რომ თსუ საერთაშორისო რეიტინგებში წინ გაიჭრება, ეს ნამდვილად კარგი საღლიცინო თემაა. ხანდახან უნდა ვიღლიცინოთ კიდეც, თუკი სხვას ვერაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მთავარი ეს მაინც არ არის.
რაც შეეხება გუშინ დაანონსებულ ახალ შეზღუდვებს, ეს არის თვისობრივად ახალი ნაბიჯი სამოქალაქო სივრცის სრული მოსპობის გზაზე. ეს უბრალოდ ავტორიტარიზმი კი არა, დიქტატურის განსაკუთრებით ღრმა ფორმაა. ბელარუსსაც ნელ-ნელა ვჯობნით”, - გია ნოდიასთვის გასაკვირი არ არის, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას “ავტონომია არ აინტერესებს”, რადგან მისთვის “უნივერსიტეტების კი არა, ზოგადად რაიმის ავტონომიის ცნებაა გაუგებარი” – “როგორც ხელისუფლება (ანუ დიდი სულთანი) იტყვის, ყველაფერი ისე უნდა იყოს. აბა როგორ გინდათ!”
ფორუმი