პაპუაშვილი ამბობს, რომ აშშ-სთან პოლიტიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმში არიან

შალვა პაპუაშვილი, სადავო პარლამენტის თავმჯდომარე

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან არსებობს მზაობა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.

ასე გამოეხმაურა ის აშშ-ში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას ვიზიტსა და 3 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბრენდან ჰანრაჰანთან შეხვედრას.

„აშშ-სა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის სამუშაო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ჩვენი მზაობაა, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა - მათ შორის, არჩევნებში ჩარევის გზით, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას წარმოადგენდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ეს ფურცელი გადაიშალოს და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს“, - თქვა შალვა პაპულაშვილმა პარლამენტში პლენარული სესიის დაწყებამდე.

აშშ-ს მეორე წელია შეჩერებული აქვს საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა. გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო.

„ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომლის არაერთი წარმომადგენელი აშშ-ის მიერაა სანქცირებული, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ პოლიტიკას შეცვლის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია 3 თებერვალს ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბრენდან ჰანრაჰანს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებული იყო ბრენდან ჰანრაჰანსა და ლაშა დარსალიას შორის დაგეგმილი შეხვედრის ანონსი. შეხვედრის შემდეგ მის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტს 3 თებერვალს არ გაუვრცელებია.

სამინისტროს ზოგადი ინფორმაციის თანახმად, განხილული იყო „რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები” და „ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”.

  • შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა;
  • მანამდე „აგენტების კანონის“ და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;
  • სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო;
  • ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს არაერთ წარმომადგენელს;
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც დასავლეთის ნეგატიურ დამოკიდებულებას „ომის პარტიის", თუ „დიპ სტეიტის" ქმედებებს უკავშირებს, იმედს გამოთქვამდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;
  • 2025 წლის 13 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს;
  • 28 მაისს შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. ივანიშვილმა საპასუხო წერილში საელჩოს განცხადებას „გაუგებარი“ უწოდა.


ასევე ნახეთ ქართულმა მხარემ ვაშინგტონში ისაუბრა სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობაზე - საგარეო საქმეთა სამინისტრო