- ოფიციალური ვერსიით, ჯეფრი ეპსტინმა ნიუ-იორკის ციხეში თავი მოიკლა 2019 წლის 10 აგვისტოს.
- ეპსტინის სახელს უკავშირებენ მდიდარ და გავლენიან მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობაში არასრულწლოვანი გოგონების ჩათრევას. მსგავსი ბრალდება იყო აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართაც, რასაც ის უარყოფს.
- გასული ორი თვის განმავლობაში შეერთებულ შტატებში გასაჯაროვდა მილიონობით დოკუმენტი, რომლებშიც უამრავი ადამიანია მოხსენიებული. ეს უპირობოდ არ ნიშნავს მათ მონაწილეობას გარდაცვლილი ფინანსისტის დანაშაულში.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩის, მონა იულის გადადგომა 8 თებერვალს დაადასტურა. სამინისტრო იკვლევს, რამდენად მჭიდრო იყო ჯეფრი ეპსტინთან მონა იულის, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კავშირები.
იორდანიასა და ერაყში ელჩად დანიშვნამდე მონა იული იყო გაეროში ნორვეგიის მუდმივი წარმომადგენელი.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაჯაროებულ „ეპსტინის ფაილებში“ ნახსენებია მონა იულის ქმარი, დიპლომატი და პოლიტიკოსი ტერიე რუდ-ლარსენიც და მათი ორი შვილი. სააგენტო dpa გასაჯაროებულ მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ 2019 წელს, ნიუ-იორკის ციხეში მყოფი ეპსტინის მიერ თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ხელმოწერილი ანდერძით, მან ნორვეგიელი დიპლომატების შვილებს 5-5 მილიონი დოლარი დაუტოვა.
მონა იულმა განაცხადა, რომ თავისი საქმიანობის ფარგლებში გაიცნო ეპსტინი, რომელთანაც შემდგომში მინიმალური კონტაქტი ჰქონდა. ტერიე რუდ-ლარსენმა ეპსტინთან კონტაქტებს სერიოზული შეცდომა უწოდა. ნორვეგიული მედიის ცნობით, რუდ-ლარსენს ეპსტინთან პირადი ფინანსური ურთიერთობები აკავშირებდა.
ნორვეგია იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც „ეპსტინის ფაილებმა“ განსაკუთრებული სკანდალი გამოიწვია და ამერიკელ ფინანსისტთან ნაცნობობის გამო იმიჯი შეულახა ტახტის მემკვიდრეს, პრინცესა მეტე-მარიტს და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტორბიორნ იაგლანდსაც.
ასევე ნახეთ ეპსტინის საქმესთან დაკავშირებით გადადგა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ასევე ნახეთ სლოვაკეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ეპსტინთან კავშირების გამო გადადგა