პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დაადანაშაულეს ბელარუსის სასარგებლოდ ჯაშუშობაში

სამინისტროს პრესსამსახურმა 3 თებერვალს გაავრცელა ცნობა ეროვნული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის დაკავების თაობაზე.

პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც გასულ სამშაბათს დააკავეს, ბელარუსის დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობდა. ამ ცნობას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს პოლონური პორტალი Onet-ი.

სამინისტროს პრესსამსახურმა 3 თებერვალს გაავრცელა ცნობა ეროვნული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის დაკავების თაობაზე. Onet-ი წერდა, რომ ეს, 60 წლის ასაკის პირი სამინისტროში 1990-იანი წლებიდან მუშაობს.

დაკავებულს 4 თებერვალს წაუყენეს ბრალი ჯაშუშობასა და აქტიურ მონაწილეობაში უცხოეთის დაზვერვაში. იგი სამი თვით დააპატიმრეს.

მოგვიანებით პორტალი წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ დაკავებული, სახელად ვლადისლავ პ. ბელარუსის დაზვერვასთან თანამშრომლობდა.

გამოცემის თანახმად, პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურმა თანამშრომელი შესაძლო აგენტად ჯერ კიდევ 2024 წლის შუა პერიოდში ამოიცნო. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა შეუმჩნევლად შეუკვეცეს ამ პირს წვდომა საიდუმლო დოკუმენტებთან და დაიწყეს მასზე თვალთვალი, რათა გამოევლინათ კავშირის ხაზები, შესაძლო კურატორები, სხვა აგენტები და იმ პირთა წრე, რომლებიც მისთვის ინტერესის საგანს წარმოადგენდა - იუწყება "ნასტოიაშჩეე ვრემია".

პოლონეთის სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორის პრესმდივანი, იაცეკ დობინსკი მანამდე აცხადებდა, რომ 2022 წლის თებერვლიდან საგამოძიებო ორგანოებმა აღძრეს 71 სისხლის სამართლის საქმე, რუსეთის და ბელარუსის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. გარდა ამისა, 2025 წლის ოქტომბრისთვის პოლონეთში დივერსიის ეჭვით დაკავებული იყო 55 პირი, რომელთაგან 11 ბელარუსის მოქალაქეა.

ასევე ნახეთ შვედეთში დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი