ისლამური რევოლუციის წლისთავზე თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში გაანათეს

ანძის ანთება ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავს უკავშირდება

11 თებერვალს, გვიან საღამოს თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში გაანათეს - 11 თებერვალს ირანი აღნიშნავს 1979 წლის ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავს. ანძის ანთებაც ამ თარიღს უკავშირდება.

თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ანძა ირანის საელჩოს მომართვის საფუძველზე განათდა, „რაც უკავშირდება ირანის ეროვნულ დღესასწაულს“.

ასევე ნახეთ ათასობით მოკლული და სისხლში ჩახშობილი პროტესტი ირანში

„კარგი ურთიერთობებიდან გამომდინარე“

ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი აცხადებს, რომ ანძა ირანის ფერებში „ირანსა და საქართველოს ისტორიული ურთიერთობებიდან და ორ ერს შორის არსებული კარგი ურთიერთობებიდან გამომდინარე განათდა“.

„ეს ნათელი სიმბოლოა იმისა, რომ დღევანდელი ირანის პატივისცემა ოფიციალურად და საერთაშორისო დონეზეა აღიარებული“, - წერს იგი პლატფორმა X-ზე.

ამავე დღეს, 11 თებერვალს, ელჩის ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია მონაწილეობდა „ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე“.

ალი მოჯანის სიტყვებით, დარსალიამ „ოფიციალურად მიულოცა ირანს ეს თარიღი და უწოდა მას ირანის ისტორიული გზის, ეროვნული იდენტობისა და განვითარების სიმბოლო“.

ლაშა დარსალია ირანის საელჩოს ღონისძიებაზე

დარსალიამ, - რომელიც გასულ კვირაში შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა საქმიანი ვიზიტით, - ამავე ღონისძიებაზე, ელჩის სიტყვებით, „ხაზგასმით აღნიშნა“, რომ:

  • „ორ ერს შორის არსებობს ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში მჭიდრო ურთიერთობა“;
  • „ეს სახალხო კავშირები ირანსა და საქართველოს შორის მდგრადი თანამშრომლობის საფუძველი და მთავარი საყრდენია“.

დარსალიამ ასევე მადლიერება გამოხატა ირანის მიმართ „საქართველოს მხარდაჭერისთვის“ და „გაიხსენა, რომ ირანი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც მისი დამოუკიდებლობა აღიარა“.

ასევე ნახეთ დარსალია-ჰანრაჰანმა ისაუბრეს სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებიდან გამომდინარე შესაძლებლობებზე - სახელმწიფო დეპარტამენტი

„როგორც წინა წლებში“

თბილისის მერიის პრესცენტრიდან რადიო თავისუფლებას მისწერეს, რომ საელჩოების თხოვნის გათვალისწინების მსგავსი პრაქტიკა წლებია არსებობს:

„მსგავსი პრაქტიკა წლებია არსებობს, როდესაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მოგვმართავენ თხოვნით, ყოველთვის ვანათებთ ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში“.

„ამდენად, როგორც წინა წლებში, წელსაც განათდა ანძა ირანის დროშის ფერებში“, - ამბობენ მერიაში.

საჯარო წყაროებში არ იძებნება წინა წლებში თბილისის ანძის ირანის ფერებში განათების ამსახველი ფოტოები ან ცნობები.

  • 6-დან 13 თებერვლამდე, ირანის წარმომადგენლობები აღნიშნავენ ირანის „ისლამური რევოლუციის გამარჯვების და ისლამური რესპუბლიკის დამყარების“ თარიღს.
  • 12 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტში ირანის საელჩო წერდა, რომ „თბილისში ირანის საელჩოც ემზადება ამ დღის აღსანიშნად, რომელიც შეხვედრების, დიალოგების და უცხოეთში ირანული იდენტობის გამოხატვის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს“.

დემონსტრანტების დახოცვა

წელს ირანისთვის ამ დღის აღნიშვნა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რამეთუ მოჰყვება მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციებს. როგორც ელჩის კომენტარიდანაც იკვეთება, ირანის ხელისუფლება ამ დღეს იყენებს ლეგიტიმაციის დემონსტრირების მიზნით.

რამდენიმე კვირის წინ, 2026 წლის იანვარში, ირანში საპროტესტო დემონსტრაციებისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ათასობით ადამიანი დახოცეს.

Your browser doesn’t support HTML5

ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები

  • უფლებადამცველთა ჯგუფის HRANA-ს მონაცემების თანახმად, დადასტურებულია 6961 ადამიანის დაღუპვა;
  • კიდევ 11 630 შემთხვევა მოწმდება;
  • დაშავდა 11000-ზე მეტი ადამიანი.
  • დაკავებულია 51 ათასზე მეტი ადამიანი. მათ შორის, 112 სტუდენტი.
  • სხვა წყაროები სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ, მაგრამ ყველა ცნობაში ლაპარაკია ათასობით მსხვერპლზე.

ამჟამად ირანში გრძელდება ცნობილი აქტივისტებისა და ხელოვანების დაკავება.

ასევე ნახეთ ირანში აკავებენ ცნობილ აქტივისტებსა და ხელოვანებს

6 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც აშშ დამატებითი ტარიფების დაწესებას გეგმავს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებსაც ირანთან სავაჭრო ურთიერთობა აქვთ.