საგარეო უწყების პრესცენტრის თანახმად, შეხვედრა კომერციის დეპარტამენტში გაიმართა მდივნის მოადგილეებთან:
- ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში უილიამ კიმიტთან;
- ინდუსტრიისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯეფრი კესლერთან.
„მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის განვითარება სატრანსპორტო-ლოგისტიკის, რეგიონული ვაჭრობის, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების მიმართულებით“, - წერია უწყების გავრცელებულ მოკლე ცნობაში.
ამავე წყაროს თანახმად, „საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს“.
ასევე, „ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს როლზე“.
„ამ კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს მზაობა მაღალი ტექნოლოგიების სექტორში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით“, - წერია პრესრელიზში.
ლაშა დარსალია ვაშინგტონში
გუშინ, 4 თებერვალს ტალიაშვილი და დარსალია ასევე შეხვდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს:
- დაგეგმარების პოლიტიკის უფროს მრჩეველს, ჯონათან ასკონასს;
- სპეციალურ თანაშემწეს, ჩარლზ იოკის.
შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა.
საელჩოს ცნობით, „ქართულმა მხარემ კვლავ გამოხატა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“.
„განხილულ იქნა შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი“, - წერდა საელჩო.
- უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი თბილისში რეგიონული ტურნეს ფარგლებში 2025 წლის ნოემბერში იმყოფებოდა - იმის გასარკვევად, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP).
- მაშინ ის „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, ლევან ჟორჟოლიანს, შეხვდა.
აშშ-ს მეორე წელია შეჩერებული აქვს საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა. გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო.
„ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომლის არაერთი წარმომადგენელი აშშ-ის მიერაა სანქცირებული, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ პოლიტიკას შეცვლის.
შეხვედრა ბრენდან ჰანრაჰანთან
კიდევ უფრო ადრე, 3 თებერვალს ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბრენდან ჰანრაჰანთან.
დარსალიამ ამ შეხვედრაზეც გამოხატა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის „გადატვირთვისთვის” მზადყოფნა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების საჭიროება.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი.
- ქართველ ოფიციალურ პირებთან მაღალჩინოსნების შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არც სახელმწიფო დეპარტამენტს და არც ვაჭრობის დეპარტამენტს არ გაუვრცელებია.
- რადიო თავისუფლება დაუკავშირდა აშშ-ის საელჩოს ჰანრანათან შეხვედრის შესახებ კითხვებით, - რა განიხილეს დახურულ კარს მიღმა, თუმცა პასუხი არ მიუღია. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
საგარეო უწყების ზოგადი ინფორმაციის თანახმად, განხილული იყო „რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები” და „ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”.
ბრანდან ჰანრაჰანი 2025 წლის სექტემბერში სამხრეთ კავკასიაში იმყოფებოდა - სომხეთსა და აზერბაიჯანში. იგი საქართველოში არ ჩამოსულა.
ვიზიტის მიზანი „ტრამპის მარშრუტისა“ და ორ ქვეყანასთან ცალ-ცალკე ორმხრივი ურთიერთობების გაღღმავების მხარდაჭერა იყო.
მისი ამ ვიზიტისას გაირკვა, რომ აშშ საწყის ეტაპზე 145 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას გამოუყოფდა „ტრამპის მარშრუტის“ განსავითარებლად.
ფორუმი