Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით მოკლული და სისხლში ჩახშობილი პროტესტი ირანში


ცხედრების ამოცნობა თეირანის პროვინცია კაჰრიზაკში - კადრი 14 იანვარს გავრცელებული ვიდეომასალიდან
ცხედრების ამოცნობა თეირანის პროვინცია კაჰრიზაკში - კადრი 14 იანვარს გავრცელებული ვიდეომასალიდან

მოკლედ

  • უფლებადამცველები იუწყებიან, რომ ირანში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი მოკლეს, ასევე ათასობით - დაკავებულია.
  • Human Rights Watch-მა გამოავლინა „კოორდინირებული სასტიკი რეპრესიები“.
  • ახლა ირანის ქალაქების ქუჩებში, პროტესტის მონაწილეების ნაცვლად, „კალაშნიკოვებით“ შეიარაღებული ადამიანები დგანან.

ათასობით მოკლული, დაჭრილი და დაკავებული - სისხლში ჩახშობილი საპროტესტო აქციების შემდეგ, ირანში მონაცემები თანდათან იკრიბება და ზუსტდება. ინტერნეტი კვლავ გათიშულია, კავშირი - უკიდურესად გაძნელებული.

  • უფლებადამცველთა დამოუკიდებელი ორგანიზაცია, აშშ-ში მოქმედი HRANA იუწყება, რომ 15 იანვრის მდგომარეობით, დაღუპულთა დადასტურებული რიცხვი 2677-ს აღწევდა.
  • ნორვეგიაში მოქმედი უფლებადამცველების ჯგუფის [Iran Human Rights] ინფორმაციით, სულ ცოტა, 3428 ადამიანია მოკლული.


უფლებადამცველების სხვა ჯგუფები ვარაუდობენ, რომ მასობრივი პროტესტისას, 8 იანვრის შემდეგ, ირანის უსაფრთხოების ძალებმა გაცილებით მეტი ადამიანი მოკლეს.

უფლებადამცველები იუწყებიან 19 ათასი დაკავებულის შესახებ.

Human Rights Watch-ის თანახმად, ჩნდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება პროტესტის მონაწილეთა და შემთხვევით გამვლელთა მასობრივად დახოცვის შესახებ - უსაფრთხოების ძალების „კოორდინირებული სასტიკი რეპრესიების“ შედეგად. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია 16 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს:

  • პროტესტის ბევრი მონაწილე მოკლული ან დაჭრილია ცეცხლსასროლი იარაღით;
  • ჭრილობები აქვთ ძირითადად თავსა და ტანზე.


12-14 იანვარს Human Rights Watch-მა 21 ადამიანი გამოჰკითხა, მათ შორის - მოწმეები, დაღუპულთა ნათესავები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები, სამედიცინო პერსონალი. შეისწავლა აუდიო და ვიზუალური მასალები; ასევე ავთენტიკური ფოტოები, ვიდეომასალები.

ჯერ კიდევ კაჰრიზაკიდან 11 იანვარს გავრცელებულ ვიდეომასალებში ორგანიზაციამ, სულ ცოტა, 400 ცხედარი დათვალა - პოლიეთილენის პარკებში, როცა ახლობლები მათ ამოცნობას ცდილობდნენ. მედიკოსებს შეაფასებინეს ადამიანების სხეულზე აღბეჭდილი დაზიანებები, ჭრილობები.

Human Rights Watch-ის თანახმად, მედიაში გავრცელებული კომენტარებით, ირანის ოფიციალური პირებიც ადასტურებენ, რომ „ათასობით“ ადამიანი დაიღუპა.

ინტერნეტის პრობლემების გამო - ირანელებთან გარე კონტაქტი მინიმალურია. ირანელი ემიგრანტების დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის, ცოცხლები არიან თუ არა მათი ოჯახის წევრები.

ბოლო დღეებში ხალხი ირანიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა ბევრისთვის ეს შეუძლებელი გახდა - ავიარეისების შეწყვეტის გამოც.

16 იანვარს თეირანიდან თბილისკენ დაგეგმილი ავიარეისები გაუქმდა. წინასწარი განრიგის მიხედვით, საქართველოში ირანიდან Varesh Airlines-ის (13:15) და Sepehran Airline-ის (14:15) თვითმფრინავები უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა არცერთი რეისი თბილისში აღარ ჩამოფრინდა.

ირანში დაძაბული ვითარების მიუხედავად, აქამდე საქართველოში ფრენები, ძირითადად, განრიგის მიხედვით სრულდებოდა. 15 იანვარს დაგეგმილი ორი რეისიდან ერთი შესრულდა, ერთი კი გაუქმდა. ამასთან, ირანში ფრენები დროებით გააუქმა რამდენიმე მსხვილმა უცხოურმა ავიაკომპანიამ. მათ ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენებაც შეზღუდეს.

ვინც ირანიდან გამოღწევა მაინც შეძლო, შემზარავ ამბებს ჰყვებიან.

“უსაფრთხოების ძალებმა ბევრი ადამიანი მოკლა და ცხედრები დაუმალეს, არ გადასცეს ოჯახებს. ერთ ადგილას, რაც მე დავინახე, ბევრი ცხედარი ერთმანეთზე ეწყო, ჯიბეში მობილური ტელეფონებით. პატარა ბავშვებიც იყვნენ, რომლებსაც მობილურზე ურეკავდნენ. დედებმა და მამებმა არ იცოდნენ, რა დაემართათ მათ შვილებს”, - რადიო თავისუფლებას ანონიმურად უყვება ერთ-ერთი ირანელი, რომელიც ხუთშაბათს ერევანში ჩაფრინდა.

ირანიდან ჩამოსული კიდევ ერთი მგზავრის თქმით, „ყველას ჰყავს ვიღაც, ვინც მოკლეს“. მისივე თქმით, ახლა ირანის ქალაქების ქუჩებში, პროტესტის მონაწილეების ნაცვლად, „კალაშნიკოვებით“ შეიარაღებული ადამიანები დგანან.

“დახმარება გზაშია” - ეს სიტყვები ირანელებს ბოლო დღეებში ვაშინგტონიდან ესმოდათ.

13 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს მოუწოდა, გაეგრძელებინათ საპროტესტო აქციები. იმავე მიმართვაში ტრამპმა აღნიშნა, რომ გააუქმა ირანელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრები, „სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობა არ შეწყდება“.

„ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი - დაიკავეთ თქვენი დაწესებულებები!!!... დახმარება გზაშია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია Truth Social-ში.

ამ დღეებში ბევრს მსჯელობდნენ იმის შესახებ, დაარტყამდა თუ არა აშშ ირანს. თუმცა ეს არ მოხდა.

უკვე 15 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ირანმა გადადო დემონსტრანტების სიკვდილით დასჯა და რომ ეს ინფორმაცია მას წყაროებმა აცნობეს.

“როგორც პრეზიდენტმა იცის დღეს, 800 ადამიანის სიკვდილით დასჯა, რაც დაგეგმილი იყო და უნდა შემდგარიყო გუშინ [14 იანვარს], გადაიდო. ამრიგად, პრეზიდენტი და მისი გუნდი ყურადღებით აკვირდებიან ამ სიტუაციას და ყველა შესაძლებლობა დევს მაგიდაზე პრეზიდენტისთვის”, - განაცხადა 15 იანვარს ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა. მისი განმარტებით, “პრეზიდენტსა და მის გუნდს ჰქონდა კომუნიკაცია ირანის რეჟიმთან".

პრეზიდენტ ტრამპის განზრახვებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ შეკითხვაზე პასუხად, კაროლინ ლივიტმა თქვა, რომ ამ საკითხის გარშემო ვარაუდებს ძირითადად ანონიმური წყაროები ავრცელებენ და ეს პროცესი მარჩიელობას ჰგავს, სინამდვილეში კი “მხოლოდ პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, რის გაკეთებას აპირებს და მრჩევლების ძალიან, ძალიან ვიწრო წრე იცნობს მის მოსაზრებებს ამ საკითხზე”. “პრეზიდენტი განაგრძობს ყურადღებით დაკვირვებას და ასევე მაგიდაზე დევს ყველა შესაძლებლობა”, - გაიმეორა პრესმდივანმა.

15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანელ ჩინოვნიკებს, რომლებსაც ბრალს სდებს საპროტესტო დემონსტრაციების ჩახშობასთან კავშირში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ უარყო ისლამურ რესპუბლიკაში 28 დეკემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას მასობრივი მსხვერპლის შესახებ გავრცელებული ცნობები და ნებისმიერი მკვლელობა „ისრაელის შეთქმულებას“ დააბრალა. არაყჩიმ ეს FOX News-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

16 იანვარს სატელეფონო საუბარი შედგა ირანისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის.

კრემლის ცნობებით, მასუდ ფეზეშქიანმა ვლადიმირ პუტინს მიაწოდა ინფორმაცია “ქვეყანაში ვითარების ნორმალიზებისკენ” მიმართული “აქტიური ძალისხმევის” შესახებ. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი და ირანი იზიარებენ პოზიციებს „დაძაბულობის სწრაფად დეესკალაციის სასარგებლოდ“ როგორც ირანის გარშემო, ასევე მთელ რეგიონში.

განცხადებაში ლაპარაკი არ არის დიდი მსხვერპლის შესახებ.

ირანში 8 იანვრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უპრეცედენტო „მასობრივ მკვლელობებს“ უწოდებს Human Rights Watch-ის პროგრამის ხელმძღვანელი ლამა ფაკი:

“მმართველები, რომლებიც ჟლეტენ საკუთარ ხალხს, გააგრძელებენ სისასტიკეს მანამდე, ვიდრე პასუხს არ აგებენ”.

Human Rights Watch-ის მოწოდებაა, რომ გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ მოიწვიონ ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური სხდომა, რათა ირანში მიმდინარე მოვლენები - ადამიანის უფლებებისა და ანგარიშვალდებულების კუთხით - საერთაშორისო რეაგირების პრიორიტეტად იქცეს.

საპროტესტო აქციები ირანში 2025 წლის 28 დეკემბერს დაიწყო - ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გამო. თანდათან მღელვარება მთელ ქვეყანას მოედო და მოთხოვნებმა პოლიტიკური ხასიათი შეიძინა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ ადამიანის უფლებების, ღირსების დაცვას, თავისუფლებასა და ისლამური რესპუბლიკის დამხობას. ხელისუფლების წარმომადგენლები პროტესტის მონაწილეებს ტერორისტებს უწოდებდნენ.

თეირანმა პროტესტი სისხლისღვრით ჩაახშო. უკვე რამდენიმე დღეა, ირანში საპროტესტო აქციები აღარ იმართება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG