კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქში გათბობის გარეშე დარჩა კიდევ 2600-მდე მრავალბინიანი სახლი. კიდევ 1100-ზე მეტ კორპუსს გათბობა შეუწყდა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად კიევში დაზიანდა „დარნიცის თბოელექტროცენტრალი“.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ოდესაში წყლის მიწოდება შეუწყდა 300 ათასამდე ადამიანს, ხოლო გათბობა - 200-მდე სახლს. ქალაქ დნეპრში გათბობის გარეშე დარჩა 10 ათასი აბონენტი.
დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებში ელექტროენერგიის ე.წ. ავარიული გათიშვის რეჟიმი მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკითაც არ მიეწოდება.
ასევე ნახეთ რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს რაკეტებითა და დრონებით- რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ჯერ კიდევ 2022 წელს, ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში დაიწყო. სიტუაცია განსაკუთრებით მწვავდება ცივი ზამთრის პირობებში.
- უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2024 წლის მარტში გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
- უკრაინის მხრიდან ენერგოობიექტებზე დარტყმისა და სამოქალაქო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდების შეწყვეტის შესახებ პერიოდულად იუწყება რუსეთის სხვადასხვა რეგიონის ხელისუფლებაც.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკას უტევს, რათა საზოგადოება დაასუსტოს და გატეხოს, ამიტომ, პასუხად უკრაინა უტევს რუსეთის ენერგეტიკას, რადგან შეუძლებელია ისინი სინათლეში, მშვიდად ცხოვრობდნენ მაშინ, როცა უკრაინელები იყინებიან.
ასევე ნახეთ რუსეთში ევაკუაცია გამოაცხადეს სამხედრო ობიექტზე სარაკეტო შეტევის შემდეგგანახლება: 12 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „კიევის რეჟიმის ტერორისტულ შეტევებზე” პასუხად გამოაცხადა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასირებული შეტევა. ამ უწყების თანახმად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „ჯგუფურად დაარტყეს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის გამოიყენება და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და შენახვის ადგილებს“.
- რუსეთი „ტერორისტულს" უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში მდებარე ნავთობის საცავებზე, ნავთობგადამამუშავებელ და ქიმიურ ქარხნებსა და სხვა საწარმოებზე, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
- უკრაინისთვის ეს არის „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმები რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.