კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა კიევზე იერიში მიიტანეს ბალისტიკური რაკეტებით. კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე 12 თებერვალს, გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში სახლებია დაზიანებული.
განახლება: კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ დილის შვიდი საათისთვის ტელეგრამზე დაწერა, რომ დაშავებულია ორი ადამიანი.
ბალისტიკური რაკეტებით დარტყმის შესახებ იუწყება დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაც. მისი ინფორმაციით, შეტევა იყო ქალაქებზე, დნეპრსა და პავლოგრადზე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას ცნობით, ქალაქ დნეპრში დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ბიჭი, რომელიც ჯერ ერთი თვისაც არ არის და 4 წლის გოგო. დაზიანებულია კერძო სახლები.
რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს ოდესას. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია ბიზნეს-ცენტრი და ინფრასტრუქტურის ობიექტი. რა ობიექტია ეს, ლისაკს არ დაუკონკრეტებია. წინასწარი მონაცემებით, ოდესაში ერთი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსული დრონებით შეტევა იყო რკინიგზაზე სუმის ოლქის კონოტოპის რაიონში. დეპოში ხანძარი გაჩნდა.
განახლება: 12 თებერვალს დილით ხარკოვის ოლქის პროკურატურამ განაცხადა, რომ რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ლოზოვაიაში ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. დაზიანდა სახლები და კერძო საწარმო.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 12 თებერვალს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 24 ბალისტიკური და ერთი მართვადი საავიაციო რაკეტით და 219 უპილოტო საფრენი აპარატით. დარტყმის ძირითად მიმართლებები იყო კიევი, ხარკოვი, დნეპრი და ოდესა.
საჰაერო ძალების ცნობით, ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო მართვადი საავიაციო რაკეტის, 15 ბალისტიკური რაკეტისა და 197 დრონის მოგერიება, 9 რაკეტითა და 19 დრონით პირდაპირი დარტყმა 13 ადგილზე და 14-ზე მათი ნამსხვრევების ჩამოცვენა.
რუსეთის ჯარების მხრიდან მასირებული შეტევების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე უკრაინის ენერგოობიექტებია. ზამთრის ძლიერი ყინვის პირობებში მკაცრად შეზღუდულია ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის მიწოდება.
უკრაინის მხრიდან ენერგოობიექტებზე დარტყმისა და სამოქალაქო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდების შეწყვეტის შესახებ პერიოდულად იუწყება რუსეთის სხვადასხვა რეგიონის ხელისუფლებაც.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკას უტევს, რათა საზოგადოება დაასუსტოს და გატეხოს, ამიტომ, პასუხად უკრაინა უტევს რუსეთის ენერგეტიკას, რადგან შეუძლებელია ისინი სინათლეში, მშვიდად ცხოვრობდნენ მაშინ, როცა უკრაინელები იყინებიან.
ფორუმი