12 თებერვალს, ადგილობრივი დროით დილის ექვსი საათისთვის ვოლგოგრადის საოლქო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა რეგიონის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის განცხადება საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების მიერ „სარაკეტო შეტევის მოგერიების“ შესახებ.
გუბერნატორის თანახმად, „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ დაბა კოტლუბანის მახლობლად ხანძარი გაჩნდა თავდაცვის სამინისტროს ობიექტის ტერიტორიაზე. ბოჩაროვის ინფორმაციით, ხანძარს საგანგებო სიტუაციების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები აქრობენ, დეტონაციის საფრთხის გამო კი მიღებულია კოტლუბანიდან სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება.
- ქალაქ ვოლგოგრადის მახლობლად მდებარე კოტლუბანში რუსეთის მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს არსენალია.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ სამხედრო ობიექტის რაიონს 2024 წლის სექტემბერში დრონებით შეუტიეს, რამაც ხანძარი გამოიწვია, თუმცა საბრძოლო მასალების საწყობის ტერიტორიაზე ცეცხლი არ გავრცელებულა.
11 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა დარტყმა რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანაზე შეტევა ადრეც არაერთხელ მიიტანეს.
- რუსეთი „ტერორისტულ აქტებს" უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში მდებარე ნავთობის საცავებზე, ნავთობგადამამუშავებელ და ქიმიურ ქარხნებსა და სხვა საწარმოებზე, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
- უკრაინისთვის ეს არის „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმები რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
სააგენტო Bloomberg-ის დათვლით, მხოლოდ 2025 წელს უკრაინამ 120-მდე შეტევა მიიტანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებზე, ნავთობის და გაზის საბადოებსა და მილსადენებზე.
ფორუმი