სხდომა 12 თებერვალს ბრიუსელში გაიმართა დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების თავმჯდომარეობით.
- საკონტაქტო ჯგუფი, რომლის საქმიანობაც „რამშტაინის ფორმატის“ სახელითაა ცნობილი და 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, აშშ-ის წინა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა და ვაშინგტონის ხელმძღვანელობით მოქმედებდა.
- პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჯგუფის ხელმძღვანელობას ჩამოშორდა.
- ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას გაუწია მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარება. ტრამპმა ამ პოლიტიკის გაგრძელებაზე უარი თქვა. მან 2025 წლის ივლისში გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენენ ნატოს სხვა წევრი, ძირითადად, ევროპული ქვეყნები.
უკრაინას რომ 35 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ, ეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ თქვა ბრიუსელში საკონტაქტო ჯგუფის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ჰილის განცხადებით, უკრაინაში ხალხის გადარჩენა, პუტინზე ზეწოლა და მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ერთობლივი მოქმედებების გააქტიურებით შეუძლიათ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა მოკავშირეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს უპირველეს ყოვლისა სჭირდებათ რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის Patriot-ი. ფედოროვის თქმით, მაშინ, როცა რუსეთი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სრულად განადგურებას ცდილობს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ საშუალებები ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას გადასცემს დამატებით ხუთ რაკეტას, თუ დანარჩენი მოკავშირეები, საერთო ჯამში, 30 რაკეტას გაუგზავნიან. პისტორიუსმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მალე მოხდება.
ასევე ნახეთ რუსეთის მორიგი შეტევის შემდეგ უკრაინაში შუქის, გათბობის და წყლის გარეშეა ასეულობით ათასი ადამიანიბრიუსელში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი და ნორვეგია უკრაინას მიაწვდიან დიდი რაოდენობით მართვად ავიაბომბებს.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, სავარაუდოდ, საუბარია დამატებით პარტიაზე ფრანგული წარმოების მართვადი ბომბების AASM Hammer, რომლებსაც უკრაინის არმია უკვე აქტიურად იყენებს.
ასევე ნახეთ „შაჰედებზე მონადირე“ - რა აფერხებს უკრაინისათვის ჩეხური ავიაგამანადგურებლების მიწოდებას?- მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევაზე, მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად ამოქმედდა აშშ-ისა და ნატოს ერთობლივი მექანიზმი(PURL), რომლის ფარგლებშიც პარტნიორი ქვეყნები აფინანსებენ უკრაინის არმიის პრიორიტეტულ საჭიროებებს ნატოს მიერ მართული ფონდის მეშვეობით.
უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ნატოში უკრაინის წარმომადგენელ ალიონა გეტმანჩუკზე დაყრდნობით 11 თებერვალს წერდა, რომ ფონდის დაფინანსების მხრივ ლიდერობს ნორვეგია, რომელსაც მოსდევენ ნიდერლანდი, გერმანია, შვედეთი, დანია და კანადა.