Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მორიგი შეტევის შემდეგ უკრაინაში შუქის, გათბობის და წყლის გარეშეა ასეულობით ათასი ადამიანი

კიევზე რუსული რაკეტებით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლის მცხოვრები ქალი ბინის აივანზე ჩამსხვრეული შუშის ნაწილით. 2026 წლის 12 თებერვალი
კიევზე რუსული რაკეტებით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლის მცხოვრები ქალი ბინის აივანზე ჩამსხვრეული შუშის ნაწილით. 2026 წლის 12 თებერვალი

უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რუსული რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევის შედეგად ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგია გრაფიკითაც აღარ მიეწოდება, გათბობის და წყლის გარეშე დარჩა ასეულობით ათასი ადამიანი.  

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქში გათბობის გარეშე დარჩა კიდევ 2600-მდე მრავალბინიანი სახლი. კიდევ 1100-ზე მეტ კორპუსს გათბობა შეუწყდა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად კიევში დაზიანდა „დარნიცის თბოელექტროცენტრალი“.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ოდესაში წყლის მიწოდება შეუწყდა 300 ათასამდე ადამიანს, ხოლო გათბობა - 200-მდე სახლს. ქალაქ დნეპრში გათბობის გარეშე დარჩა 10 ათასი აბონენტი.

დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებში ელექტროენერგიის ე.წ. ავარიული გათიშვის რეჟიმი მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკითაც არ მიეწოდება.

  • რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ჯერ კიდევ 2022 წელს, ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში დაიწყო. სიტუაცია განსაკუთრებით მწვავდება ცივი ზამთრის პირობებში.
  • უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2024 წლის მარტში გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
  • უკრაინის მხრიდან ენერგოობიექტებზე დარტყმისა და სამოქალაქო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდების შეწყვეტის შესახებ პერიოდულად იუწყება რუსეთის სხვადასხვა რეგიონის ხელისუფლებაც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკას უტევს, რათა საზოგადოება დაასუსტოს და გატეხოს, ამიტომ, პასუხად უკრაინა უტევს რუსეთის ენერგეტიკას, რადგან შეუძლებელია ისინი სინათლეში, მშვიდად ცხოვრობდნენ მაშინ, როცა უკრაინელები იყინებიან.



ფორუმი

XS
SM
MD
LG