უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ დღეს, 13 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამისი ბრძანების ხელმოწერით აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 91 გემისთვის სანქციების დაწესების შესახებ.
- სანქციები მოიცავს ისეთ ზომებს, როგორიცაა უკრაინის წყლებში შესვლისა და სავაჭრო ოპერაციების აკრძალვა, აქტივების დაბლოკვა და ა.შ.
კიევის თანახმად, რუსეთმა ევროკავშირის, „დიდი შვიდეულისა“ და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლით ეს გემები გამოიყენა ნოვოროსიისკის, უსტ-ლუგისა და პრიმორსკის პორტებიდან სხვა ქვეყნებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის, რასაც ადასტურებს შავ, წითელ და ბალტიის ზღვებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები.
ასევე ნახეთ ქართველი მეზღვაურები “ჩრდილოვან ფლოტში” - ვინ იცავს მათ რუსული სპეცსამსახურებისა თუ ამერიკული სასაზღვრო ძალებისგან?უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობითვე, 91 სანქცირებული გემიდან მხოლოდ ერთი დაცურავს რუსეთის დროშით, ხოლო დანარჩენი გემები - პანამის, ლიბერიის, კამერუნის, ბარბადოსის, მარშალის კუნძულების, ჰონკონგის, სიერა-ლეონეს, ტონგას, პალაუს, გვინეის, კომორის კუნძულების, ბაჰამის კუნძულების, ინდონეზიის, მალავის, გვინეა-ბისაუს, ჯიბუტის, გაიანის და ესვატინის დროშებით.
91-დან 27 გემი სანქცირებულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის და ევროკავშირის მიერაც. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა საერთაშორისო სანქციები დანარჩენ გემებზეც გავრცელდეს.
უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და სხვა ქვეყნების მიერ ასეულობით ტანკერია სანქცირებული.
ასევე ნახეთ ყულევის პორტს ევროკავშირის სანქციები ემუქრება