Reuters: აშშ-მა ინდურ კომპანიას ნება დართო, ვენესუელის ნავთობი შეისყიდოს რუსული მაგიერ

ნავთობის ჭაბურღილები ვენესუელაში. მარაკაიბო, 2 მაისი, 2018.

აშშ-მა ინდოეთის კომპანია Reliance Industries Ltd.-ს ლიცენზია მისცა, რაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ვენესუელიდან ნედლი ნავთობის პირდაპირ შეძენის საშუალებას აძლევს, იტყობინება Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით.

Reliance-მა ლიცენზიის მისაღებად იანვრის დამდეგს შეიტანა განაცხადი. დოკუმენტი ვენესუელური წარმომავლობის ნედლი ნავთობის, ასევე რაფინირებული პროდუქტების შეძენის, ექსპორტისა და გაყიდვის უფლებას იძლევა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ვენესუელის ნედლი ნავთობის პირდაპირი შესყიდვები Reliance-ს საშუალებას მისცემს ეკონომიკურად მომგებიანად ჩაანაცვლოს რუსული ნედლი ნავთობი, რადგან კარაკასიდან მძიმე ნედლი ნავთობი ფასდაკლებით იყიდება.

მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთის ნედლ ნავთობზე 25%-იანი ტარიფი გააუქმა და განაცხადა, რომ დელი მეტ ნავთობს შეიძენს აშშ-ისგან და, შესაძლოა, ვენესუელისგან.

2025 წლის შუა პერიოდისთვის ინდოეთში რუსეთის ნავთობის მიწოდებამ დღეში დაახლოებით ორ მილიონ ბარელს მიაღწია. თუმცა, Reuters-ის ცნობით, ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები, მათ შორის Reliance, თავს იკავებენ აპრილისთვის რუსული ნედლი ნავთობის შეკვეთისგან და მოსალოდნელია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მოერიდებიან ასეთ გარიგებებს.

ნავთობის გადამუშავებისა და ვაჭრობის დარგის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება დელის დაეხმაროს ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევაში. თებერვლის დამდეგს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთს ინდოეთისგან არანაირი შეტყობინება არ მიუღია.

კონგლომერატი ადრე რეგულარულად ყიდულობდა ვენესუელის ნავთობს თავისი თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსისთვის, მაგრამ 2025 წლის დასაწყისში აშშ-ის სანქციების გამო იძულებული გახდა შეეწყვიტა შესყიდვები. Reliance მართავს ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელთა ჯამური სიმძლავრე დღეში დაახლოებით 1,4 მილიონი ბარელია.

ასევე ნახეთ კუბა აცხადებს, რომ საავიაციო საწვავი ამოეწურა