„განსაკუთრებული არაფერია“ - მაკა ბოჭორიშვილი ესტონეთის ელჩის სომხეთში გადაყვანაზე

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოში ესტონეთის ელჩის სომხეთში გადაყვანაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ:

„ელჩების ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაყვანაში განსაკუთრებული არაფერია, თუ თავად ესტონური მხარე არ აძლევს ამას რაიმე მნიშვნელობას“.

ამ გადაწყვეტილების მიღება, საგარეო უწყებებს შეუძლიათ საკუთარი შეხედულებით და ასე ხდება საქართველოშიც.

ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, დიპლომატები თანამდებობებზე საქართველოს შემთხვევაშიც იცვლებიან.

გუშინ, 13 თებერვალს, ესტონურმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ცნობა, რომ ესტონეთის მთავრობას სომხეთში გადაჰყავს საქართველოში გამოგზავნილი ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარმი, რომელიც ამ პოზიციაზე 2024 წლიდან მუშაობდა.

ის 10 მარტიდან შეწყვეტს საქართველოში ელჩად მუშაობას და სომხეთში გადავა, სადაც ესტონეთის საელჩოს გახსნაა დაგეგმილი.

საქართველოში ესტონეთის დიპლომატიურ მისიას კი საქმეთა დროებითი რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.

ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებლის (Eesti Rahvusringhääling, ERR-მა) ცნობითვე, ეს ცვლილება განპირობებულია ესტონეთისა და საქართველოს მთავრობას შორის „ურთიერთობების გაციებითა“ და „სომხეთთან კონტაქტების გააქტიურებით“.

ესტონეთმა და საქართველომ საელჩოები შესაბამისად 2006 და 2007 წლებში გახსნეს. ამჟამად საქართველოს ესტონეთში ელჩი არ ჰყავს.

ასევე ნახეთ ესტონეთს ელჩი საქართველოდან სომხეთში გადაჰყავს - ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების, ევროინტეგრაციაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებისა და შემდგომი დემონსტრაციების დარბევის შემდეგ, ესტონეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ათეულ მაღალჩინოსანს დაუწესა სავიზო სანქციები.
  • „ძალადობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და დისპროპორციულ სასჯელს დემოკრატიაში ადგილი არ აქვს. ესტონეთი კვლავ დგას ქართული სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის და ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც იბრძვის საკუთარი ღირსებისთვის, უფლებებისა და ევროპული მომავლისთვის“, - ასეთია ტალინის პოზიცია.

13 თებერვალს საქართველოში ესტონეთის საელჩოს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც მითითებულია ერევანში ესტონეთის საელჩოსთვის ვაკანსიები.

ასევე ნახეთ უკრაინის ახალი ელჩი და "ოცნების" ძველი ბრალდებები
ასევე ნახეთ გერმანიამ კონსულტაციებისთვის გაიწვია ელჩი პეტერ ფიშერი
ასევე ნახეთ ელჩზე თავდასხმა სახელმწიფოზე თავდასხმაა - რისთვის იბარებს “ოცნება" დასავლელ ელჩებს?