აშშ-ში მცხოვრებმა რეზა ფეჰლევიმ, რომელიც სამშობლოში 1979 წლის ისლამური რევოლუციის - მონარქიის დამხობის შემდეგ არ ჩასულა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ „ისლამური რესპუბლიკის დასრულების დროა“.
ბოლო შაჰის ვაჟმა ირანელებს მოუწოდა, განაგრძონ დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ და მოუწოდა მათ, შაბათს და კვირას, საღამოს 8:00 საათზე, სახლებიდან და შენობების სახურავებიდან იყვირონ ლოზუნგები. ამავე დროს გერმანიაში, საკუთრივ მიუნხენში და სხვაგან მიმდინარე საპროტესტო აქციები იმართება.
ტრამპმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ ირანში მთავრობის შეცვლა „საუკეთესო რამ იქნება, რაც შეიძლება მოხდეს.“ მან ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდი გაგზავნა, რათა ისლამურ რესპუბლიკაზე სამხედრო ზეწოლა გაეძლიერებინა.
იანვარში ის სამხედრო ჩარევით დაემუქრა თეირანს საპროტესტო აქციების ტალღის მხარდასაჭერად. მაშინ ფართომასშტაბიან გამოსვლები სასტიკად იქნა ჩახშობილი, ათასობით ადამიანის მოკლეს.
რეზა ფეჰლევიმ მიუნხენში თქვა: „პრეზიდენტ ტრამპს... ირანელმა ხალხმა გაიგო თქვენი ნათქვამი, რომ დახმარება გზაშია და მათ თქვენი სჯერათ. დაეხმარეთ მათ,“ მოუწოდა მან დონალდ ტრამპს.
„დროა დავასრულოთ ისლამური რესპუბლიკა. ეს არის მოთხოვნა, რომელიც გაისმის ჩემი თანამემამულეების სისხლისღვრიდან, რომლებიც რეჟიმის გამოსწორებას კი არ გვთხოვენ, არამედ მის დამარხვაში დახმარებას“, - დასძინა მან.
როდესაც ირანმა საპროტესტო აქციების დარბევა დაიწყო, ტრამპმა თავდაპირველად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მოქმედებისთვის მზად იყო“ დემონსტრანტების დასახმარებლად.
მაგრამ ბოლო დროს მან თავისი სამხედრო ძალით მუქარა თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შეთანხმების მიღწევას დაუკავშირა.
ირანისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა, რომლებსაც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, გასულ კვირას ომანში ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები გამართეს.
საინფორმაციო სააგენტო Axios-ის ცნობით, მხარეები 17 თებერვალს - სამშაბათს ჟენევაში მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავენ.
აშშ-ში დაფუძნებული Human Rights Activists News Agency-ის ცნობით, რეპრესიების დროს 7008 ადამიანი, ძირითადად დემონსტრანტი მოკლეს, თუმცა უფლებადამცველი ჯგუფები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.
ირანის ოპოზიცია, რომელთა შორის რეჟიმის დამხობის და რეფორმების მომხრეებიც არიან, გაყოფილია. რეზა ფეჰლევი ისრაელის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკეს. ის 2023 წელის ისრაელს ესტუმრა. მას ასევე არასდროს დაუჭერია დისტანცია თავისი მამის ავტოკრატიული
მმართველობისგან, როცა ირანში დასავლური ორიენტაციის პარალელურად სასტიკად მოქმედებდა უშიშროების სამსახური.
ტრამპმა 13 თებერვალს უარი თქვა დაესახელებინა ის, ვისი ნახვაც სურს ირანის მმართველის თანამდებობაზე, ირანში უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გადაყენების შემდეგ, თუმცა დასძინა, რომ „არიან ადამიანები“.
ასევე ნახეთ მარკო რუბიო: აშშ და ევროპა „ერთმანეთს ეკუთვნიან“